განახლებადი ენერგოწყაროების მიმართულებით აქტიურ კომპანიებს მიეცემა შანსი, განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც ფინანსური ბარიერის გამო იყო გაჩერებული – მაია მელიქიძე

განახლებადი ენერგოწყაროების მიმართულებით აქტიურ კომპანიებს მიეცემა შანსი, განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც ფინანსური ბარიერის გამო იყო გაჩერებული – მაია მელიქიძე
განახლებადი ენერგოწყაროების მიმართულებით აქტიურ კომპანიებს პროექტების განხორციელებისთვის ფინანსური სირთულეები, ვალდებულებები და პირგასამტეხლოები ეღობებოდათ. ახლა ხდება ამ ფინანსური ბარიერის ჩამოწერა, რაც მისცემს კომპანიებს კიდევ ერთ შანსს, თანხები, რომელიც ჰქონდათ გადასახდელი, მიმართონ პროექტების განხორციელებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმ დროს, როდესაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელმა მიიღო „საერთო ინტერესის პროექტის“ სტატუსი, სომხეთსა და საქართველოს შორის გადამცემი ხაზის გაძლიერება ხდება, სამიდან ხუთ პროცენტამდე გაიზარდა მოხმარება და გენერაცია ვერ ეწევა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შანსი ადეკვატურად იყოს გამოყენებული.
კითხვაზე, რა გარანტიაა, რომ მომავალში კომპანიები შეძლებენ ვადებში ჩატევას, GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ გარანტია არაფრის არ არის.
„როდესაც არსებობს ნომერ პირველი პრობლემა – ფინანსური სირთულე, ამ ეტაპზე ამ ფინანსური სირთულის გვერდით გაწევა ხდება. სხვა მხრივ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართვა და ამაზე უნდა იყოს თანხვედრა კერძო სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, რადგან აქვთ ის ავტორიტეტი, რეპუტაცია, რომელიც საჭიროა ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მედიაციაში. სხვა ვერაფერი შექმნის ისეთ გრძელვადიან დოვლათს, როგორც ამას შექმნის, მაგალითად, ენერგეტიკა, ეს ყველას ძალიან კარგად უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.
რაც შეეხება მეტეოროლოგიურ გამოწვევებს, როგორც GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ამისთვის საჭიროა მონაცემთა ბაზები, რასაც კერძო სექტორი ინდივიდუალურად აკეთებს, თუმცა საჭიროა შემდეგ ეტაპზე გადასვლა.
„ქვეყანაში მეტეოროლოგიური ანძები არსებობდა და დღეს ყველა სათანადოდ ვერ მუშაობს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ დახმარების მიღება სახელმწიფოსგან, ვინაიდან გახლავთ, გარკვეულწილად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.
მისი თქმით, განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის კანონოროექტი მოიცავს იმ ცივილური სტანდარტის შემოტანას, რაც არის დაკავშირებული მოსახლეობისთვის გრძელვადიანი სარგებლის შექმნასთან.
„ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგური აშენების შემდეგ გადაიხდის ქონების გადასახადს, რაც წავა ცენტრალურ ბიუჯეტში. ცენტრალური ბიუჯეტიდან ბრუნდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, დაბრუნებული გადასახადის კონკრეტული პროცენტი მოხმარდება იმ სოფლის მოსახლეობას, სადაც აშენდება ჰიდროელექტროსადგური. ადამიანებს გაუჩნდებათ განცდა, რომ სარგებელი მიიღო სახელმწიფომ – მეტი ელექტროენერგია აქვს. სარგებელს ღებულობს ინვესტორი, აგენერირებს პროდუქტს და ყიდის და მე რა? – ამ კითხვაზე პასუხი იქნება გრძელვადიანი სარგებელი. მივმართავ ყველა პასუხისმგებელ უწყებას, მხარი დაგვიჭირონ ამ ინიციატივის რეალიზებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰიდროენერგეტიკის განვითარება ძალიან გართულდება. მოსახლეობას აქვს პროტესტი, პრეტენზია და ჩვენ ამ მხრივ არაერთგზის წარუმატებელი პროექტი გვქონდა. მსგავსი ინიციატივა ავსტრიასა და ნორვეგიაში მოქმედებს“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.
ცნობისთვის, ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება ჯარიმები, რომლის მოცულობა მილიარდი ლარია.
1tv.ge