განახლებადი ენერგიის პროექტები საქართველოში ბიუროკრატიულ ბარიერებს ეჯახება – ლევან კოკაია (bm.ge)

საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას კვლავ მნიშვნელოვანი ბიუროკრატიული სირთულეები აფერხებს.
როგორც ენერგეტიკის სამართლის ექსპერტი და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) იურისტი ლევან კოკაია საქმიან დილასთან ინტერვიუში განმარტავს, ინვესტორებს პროექტების განხორციელებისას სისტემური დაბრკოლებები ხვდებათ, დაწყებული მიწასთან დაკავშირებული უფლებების მოწესრიგებიდან, დასრულებული ნებართვების გაცემის გაჭიანურებული პროცესებით.
კოკაიას თქმით, პრობლემა როგორც დაგეგმვის, ასევე განხორციელების ეტაპზე იჩენს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ენერგოპროექტები შეუძლებელი არ არის, მათ რთული და ხანგრძლივი ბიუროკრატიული მარშრუტის გავლა სჭირდებათ.
„პირველი სირთულე დაკავშირებულია მიწის საკითხებთან – სახელმწიფოსგან ან კერძო მესაკუთრეებისგან ნაკვეთების გამოყენების უფლების მოპოვებასთან. ეს პროცესი განსაკუთრებით რთულდება მაშინ, როცა მიწა ემიჯნება სახელმწიფო ტყეს, დაცულ ტერიტორიას ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს. თითოეულ ასეთ შემთხვევაში პროცესში რამდენიმე უწყება ერთვება, რაც დეველოპერებისთვის დამატებით დროსა და ხარჯებს ნიშნავს,“- განმარტავს კოკაია.
მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კოორდინაციის ნაკლებობაც. „მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საჯარო მოხელე ცდილობს ოპერატიულად იმოქმედოს, უწყებებს შორის კომუნიკაციის ხარვეზები ხშირად აჭიანურებს პროცედურებს. ეს ინვესტორებს სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ხელშეკრულებებით მკაცრი ვადები აქვთ გაწერილი,“- აცხადებს ის.
„ერთი ფანჯრის“ პრინციპი როგორც გამოსავალი
ლევან კოკაია ერთ-ერთ გამოსვალად „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დანერგვას მიიჩნევს, რომელიც ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს. მისი თქმით, ეს მოდელი გულისხმობს, რომ ყველა ძირითადი სერვისი – მიწასთან დაკავშირებული საკითხები, გარემოსდაცვითი ნებართვები და სამშენებლო უფლებები ერთიანდება ერთ სააგენტოში.
„ეს პრინციპი უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღების ოპერატიულობას, გამორიცხავს დუბლირებულ მოთხოვნებს და ინვესტორებს ბევრად უფრო პროგნოზირებად გარემოს სთავაზობს,“ — აღნიშნავს GREDA-ს იურისტი.
კოკაიას ინფორმაციით, აღნიშნული იდეა უკვე ინიცირებულია, თუმცა ჯერ მხოლოდ კონცეფციის დონეზეა.
ინვესტორთა განწყობა და საჭირო რეფორმები
ექსპერტის შეფასებით, ინვესტორთა განწყობა ფრთხილია – ისინი კარგად იცნობენ კანონით გათვალისწინებულ ვადებს, თუმცა ხშირად მოლოდინები ვერ სრულდება. „ბევრი პროექტი სწორედ დაგეგმვის ფაზაში იყინება და ვეღარ მიდის ბოლომდე, რაც სექტორისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს,“ – ამბობს კოკაია.
როგორც ექსპერტი საქმიანი დილას ეთერში განმარტავს, ცვლილებების გარეშე მდგომარეობის გაუმჯობესება რთული იქნება. მისი თქმით, საჭიროა:
· „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დანერგვა;
· ადმინისტრაციული ვადების მკაცრი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შემცირება;
· საჯარო მოხელეების რაოდენობის გაზრდა და გადამზადება;
· ინვესტორთა სამართლებრივი დაცვის გაძლიერება.
„თუ ინვესტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს, მაგრამ ვადებში ვერ ეტევა მხოლოდ სახელმწიფოს შიდა კომუნიკაციის ხარვეზების გამო, მას არ უნდა ეკისრებოდეს ჯარიმა ან პირგასამტეხლო,“- აღნიშნავს ლევან კოკაია.
მისივე შეფასებით, განახლებადი ენერგიის სექტორში რეფორმები აუცილებელია, რათა საქართველო ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველ ქვეყნად იქცეს და პროექტები წარმატებით დასრულდეს.