ეკონომისტი ნოდარ სირბილაძე საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალს და ეკონომიკურ სარგებელს აფასებს.
„განახლებადი ენერგია მწვანე ეკონომიკის განვითარების უმთავრესი შემადგენელი კომპონენტია. განახლებადი ენერგია დედამიწაზე გვევლინება ქარის ენერგიის, ჰიდროენერგიის, მოქცევის და უკუქცევის, მზის სინათლის, გეოთერმული ენერგიის და ბიოენერგიის ფორმით. ქარის ტურბინებს ვხვდებით როგორც ხმელეთზე, ისე ზღვებსა და ოკეანეებში. მზის ენერგიის ტექნოლოგიები მზის სინათლეს ან მისგან მომავალ ელექტრომაგნიტურ რადიაციას იჭერს და ელექტროენერგიად გარდაქმნის. გეოთერმული ენერგია პირდაპირ დედამიწის ბირთვში წარმოიშობა – ბირთვში არსებული მაღალი ტემპერატურა ადუღებს წყლის მიწისქვეშა რეზერვუარებს. ჰიდროელექტროსადგურებში ტურბინის გენერატორი წყლის ნაკადის კინეტიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად. რაც შეეხება ბიომასას, იგი ორგანული მასალაა (ხე, ფოთლები, და ა.შ.), რომელსაც, როგორც წესი ვწვავთ. ისიც განახლებადი ენერგიის წყაროა, რადგან შესაძლებელია ამ ტიპის რესურსის ხელახლა გაზრდა ან აღდგენა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის პოტენციალის ათვისებასა და ენერგეტიკის განვითარებას, მოსახლეობაზე როგორც პირდაპირ, ისე ირიბად დადებითი ეფექტი მოაქვს. ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების ზრდას, ენერგოუსაფრთხოების ზრდა მოჰყვება და, პარალელურად, ელექტროენერგიაზე სტაბილურ ფასს ვინარჩუნებთ. ელექტროენერგიაზე სტაბილური ფასის შენარჩუნება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის მიზეზი კი ბუნებრივია ისაა, რომ ნებისმიერი პროდუქტისა თუ საქონლის წარმოებისთვის ელ. ენერგიაა საჭირო. მისი სტაბილური ფასი სხვადასხვა პროდუქტის სტაბილური ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ამ ყველაფერს ემატება ეკონომიკური ზრდაც. როდესაც ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, ეს ნიშნავს რომ უფრო მეტი საქონელი და მომსახურება იწარმოება, რასაც, თავის მხრივ, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა მოჰყვება. შესაბამისად, თუკი განახლებად ენერგიების პოტენციალს არ ავითვისებთ ამან ბაზარზე, შესაძლოა, წარმოშვას ენერგიის დეფიციტი, რაც შემდგომში ფასების ზრდაზე აისახება.
როდესაც ენერგიის პოტენციალის ათვისებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღესდღეობით საქართველო თავისი რესურსების მხოლოდ და მხოლოდ 22.5%-ს იყენებს. ენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის (IEA) შეფასებით, ჰიდრორესურსები საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრეა. ენერგიის საწარმოებლად შესაძლოა 300-მდე მდინარე იქნეს გამოყენებული, 15000 მგვტ დადგმული სიმძლავრით და 50 ტრვტ წარმოების საქართველოს აქვს ასევე 4 ტრვტ (1500 მგვტ) ქარის ენერგიისა და მზის ენერგიის წარმოების დიდი პოტენციალი (250-280 მზიანი დღე წელიწადში, 1900- 2200 საათი მზის ნათებით) 108 მგვტ-ის ოდენობით.
ენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებიც ცხადყოფს, რომ ქვეყანას მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია გაზარდოს ენერგიის გენერაცია, რომლის დიდ ნაწილსაც, სამწუხაროდ, სხვადასხვა დროის შუალედში მოსახლეობის პროტესტის ფონზე ვერ ვიყენებთ. არადა ამ პოტენციალის ათვისება და შემდგომში ელექტროენერგიის გაზრდილი წარმოება შესაძლებლობას მოგვცემდა ერთის მხრივ შეგვენარჩუნებინა ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოება, ხოლო მეორეს მხრივ, ნამატის სახით უფრო მეტი ენერგია გაგვეტანა ექსპორტზე, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი სიმდიდრე მოტანა შეუძლია. არ უნდა დაგვავიწყდეს შავი ზღვის კაბელის პროექტიც, რომელიც დამატებით შესაძლებლობას მოგვცემს ენერგია ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში გაიტანოს სოლიდურ ფასად.
შესაბამისად, თუ გვინდა ენერგოუსაფრთხოება და დამატებით ეკონომიკური სარგებლის მიღება აუცილებელია, რომ ჩვენი რესურსები სრულად ავითვისოთ. თუმცა ენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებიც ცხადყოფს, რომ ეს პროცესი ვერ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ქარისა და მზის ენერგიებიდან გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. ამისთვის საჭიროა როგორც მცირე, ისე საშუალო და დიდი ზომის ჰესების აქტიური მშენებლობის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია კონფლიქტების პრევენციისთვის მოსახლეობისთვის მოხდეს დეტალური ახსნა იმ სარგებლის შესახებ, რასაც ამა თუ იმ პროექტის განხორციელება მოგვიტანს.
საბოლოო ჯამში, ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის ჰესების მშენებლობა უალტერნატივოა. ამჟამად ქვეყნის მომარაგების 68%-ზე მეტი სწორედ ჰესებიდან მოდის, ხოლო ქვეყნის შიდა გენერაციის მხრივ ჰესების წილი დაახლოებით 80%-ს წარმოადგენს. ქვეყნის სტაბილური ფუნქციონირებისა და მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი და გარდაუვალია განახლებადი ენერგიის პოტენციალის უფრო სწრაფი ტემპით ათვისება. დღესდღეობით, საქართველოს მდგრადი განვითარების და ცხოვრების დონის ამაღლების საწინდარი სწორედ განახლებადი ენერგიის განვითარებასა და ახალი ჰესების, მზის და ქარის სადგურების მშენებლობაშია. განახლებადი ენერგიის ათვისება, თითოეული საქართველოს მოსახლის ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესების უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს და აუცილებელია ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიყენოთ და ჩვენი ქვეყნის წინსვლა დავაჩქაროთ.“- აცხადებს ნოდარ სირბილაძე.