განახლებადი ელექტროენერგიის წლიური წარმოება მოხმარებას უნდა აღემატებოდეს – რა ცვლილებები შედის კანონმდებლობაში

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტებზე იმსჯელა.
ორგანული კანონის პროექტი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და პარლამენტის დადგენილების პროექტი – „ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა წარუდგინა.
მომხსენებლის განმარტებით, კანონს ემატება ორი პრიმა მუხლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ განახლებადი ელექტროენერგიის წლიური წარმოება რაოდენობრივად უნდა აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. აღნიშნული სამიზნე მაჩვენებელი მიღწეული უნდა იყოს 2030 წლის 31 დეკემბრისთვის, რა დროსაც გათვალისწინებულია კანონის ამოქმედების ვადა.
„ეკონომიკური დამოუკიდებლობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილური ეკონომიკური ზრდის საფუძველს წარმოადგენს. ამ საკანონმდებლო ინიციატივით განისაზღვრება ის ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები და პრინციპები, რომელიც ქვეყნის სამომავლო ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს და იმავდროულად წარმოადგენს ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელ პრინციპს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა სხდომაზე.
მან ასევე ისაუბრა პარლამენტის დადგენილების პროექტზე – „ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის პოზიციას განახლებადი ენერგიის წარმოებისათვის.
„სახელმწიფო კონცეფცია მოიცავს მხოლოდ ელექტროენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განსაზღვრავს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის, ქვეყნის სავაჭრო და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნობრივ მაჩვენებლებს და პრინციპებს. რაც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას ეტაპობრივად გრძელვადიან პერსპექტივაში და ასევე ემსახურება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სხდომაზე ასევე განიხილეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტები.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ განმარტა, აღნიშნული ცვლილებები ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს და კანონმდებლობის განახლებულ ენერგოეფექტურობის დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად.
პროექტის თანახმად, კანონში ჩნდება ტერმინი „ენერგოაუდიტორი“, რაც გულისხმობს სუბიექტს, რომელიც იქნება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული იურიდიული პირი, ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც საწარმოებს განუსაზღვრავს გეგმას თუ როგორ უნდა მიაღწიონ ენერგოეფექტურობას.
ასევე სახელმწიფოს ექნება ვალდებულება სასარგებლო ფართების 3% გახადოს ენერგოეფექტური, რაც მოქმედი კანონმდებლობით 1% იყო.
პროექტი ასევე ითვალისწინებს გარკვეულ ტექნიკურ ცვლილებებსაც. მომხსენებლის თქმით, „ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა“ ჩანაცვლდება „ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმით“.
პროექტების დეტალური განხილვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს.