„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „წარმავალი მინისტრის კუდი მოქნევას“ უწოდებს გერმანიის მიერ საქართველოსთან სტუდენტთა მობილობის და სამეცნიერო პროგრამების შეჩერებას.
„აწ უკვე წარმავალი განათლების მინისტრია, რომელმაც კუდი მოიქნია, სანამ დატოვებს თანამდებობას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მიუხედავად იმ ფონისა, რაც არის შექმნილი, გერმანიასთან გვექნება მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში.
თქვენ იცით, რამდენს აფუჭებენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ შორის, მოქმედი ელჩი. რეალურად, გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ჰყავს, მათ ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს გერმანიის ელჩს. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებულები გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობების აღდგენით. როგორც კი შეიცვლება მოცემულობა, მათ შორის, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება განსხვავებული ფორმით, მაშინვე ვფიქრობთ პროგრესი გვექნება ურთიერთობებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გერმანიის განათლების სამინისტრომ გაყინა საქართველოს სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის განვითარება. ამის შესახებ ცნობას გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ავრცელებს.
“მათ შორისაა სტუდენტური მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში. ამის მიზეზია აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა საქართველოში და ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერება. ქართველებმა, რომლებსაც გერმანულ უნივერსიტეტებში უსწავლიათ მეტწილად გერმანული სტიპენდიებით, იციან, ეს რა დანაკარგიცაა.
ეს ჯერჯერობით არ ეხება გერმანიის განათლების სამინისტროს მოქმედ დაფინანსებას საქართველოზე, რომელიც თითქმის ერთ მილიონ ევროს შეადგენს. ასევე ჯერ არ ეხება მოქმედ სასტიპენდიო პროგრამებს, როგორიცაა DAAD. თუმცა გერმანია სინანულით აკვირდება და გადახედვის პროცესშია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტის”, – წერს ელჩი.
