,,განათლების ყველა მინისტრი საუბრობდა სასკოლო კვებაზე, მაგრამ არაფერი შეცვლილა” – გიორგი ჭანტურია

განათლების ყველა მინისტრი საუბრობდა სასკოლო კვებაზე, მაგრამ არაფერი შეცვლილა,- ამის შესახებ განათლების პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად მთავრობის დაპირებისა, რომ განათლების დაფინანსება მშპ-ის 6%-მდე გაიზრდებოდა, სექტორი დღემდე ყველაზე დაბალი ანაზღაურების მქონედ რჩება.
“სასკოლო განათლებაში ბოლო 5 წელია ჩემი თავი მთლიანად კვების საკითხს დავუთმე. არაერთმა მინისტრმა პირობაც დადო, მაგრამ ამ მხრივ არაფერი ცვლილება არ ყოფილა. ზოგადად, განათლების დაფინანსების გაზრდა წლების წინ იყო დაანონსებული, რომ გაიზრდებოდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს გაუტოლდებოდა, ფაქტობრივად, გაორმაგდებოდა. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება, რადგან ჩვენ ვიცით, რომ განათლების სექტორში ყველა სხვა სექტორთან შედარებით ყველაზე დაბალი ანაზღაურებაა. ადრე თევზჭერაში უფრო დაბალი იყო და დღეს იქაც კი უფრო მაღალია. საუბრობენ სტუდენტებისთვის გრანტებზეც, მაგრამ ვიცით, რომ სტუდენტობა მხოლოდ სწავლის დაფინანსებასთან არ არის დაკავშირებული. ეს არის საცხოვრისი, ეს არის ჩვეულებრივი ყოფითი ხარჯები, რაც სტუდენტებს სჭირდებათ, საზღვარგარეთ კი ეს ხარჯები სტიპენდიაშია გათვალისწინებული. ჩვენს სტუდენტებს ფაქტობრივად, 40 საათი მუშაობა უწევთ, პარალელურად, სწავლობენ, რაც ცხადია, მნიშვნელოვნად ამცირებს პროდუქტიულობას”,- აღნიშნა ჭანტურიამ.