განათლების სამინისტრო „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის“ რეგისტრაციის გაუქმებას გაასაჩივრებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, განათლების სამინისტრო უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) „საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის“ რეგისტრაციის გაუქმებას გაასაჩივრებს.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, გადაწყვეტილება 2023 წლის საქართველოს საკანონმდებლო მდგომარეობას ეყრდნობა, რის შემდეგაც პარლამენტმა ხარვეზები გამოასწორა.
„ეს [ხარვეზები] საკანონმდებლო საკითხია, რომელიც ამ ორგანიზაციის წარმოდგენით არ შეესაბამება გარკვეულ სტანდარტს, არაფერი განსაკუთრებული არაა. საკითხი ეხება იმას, ამა თუ იმ დანიშვნებთან დაკავშირებით როგორი უნდა იყოს საკანონმდებლო რეგულაციები. ეს საკანონმდებლო ხარვეზი ჩასწორდა. ის, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა, ამიტომ განვჭვრიტეთ წინასწარ და ჩასწორდა კანონში. განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას, რაც შეეხება საქართველოს კანონმდებლობას 2023 წლის მდგომარეობით. რასაც ENQA [უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია] საუბრობს, დღეს აქტუალური აღარაა, რადგან დღევანდელი კანონმდებლობა სხვანაირად გამოიყურება. გასაჩივრების მოკლე ვადებია და იმედია, ამის შედეგად ეს ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. თუმცა ამას სტუდენტებზე, დიპლომებზე, არავითარი პრაქტიკული გავლენა არ აქვს. ENQA-ს წევრი საერთოდ არ ვიყავით, ევროპაში კი ჩვენი დიპლომები დიდი ხანია აღიარებულია. სულ რამდენიმე წელია, რაც ENQA-ს წევრი ვართ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მოგვიანებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმაც პრესკონფერენციაზე იგივე განაცხადა.
“EQAR-ის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ – რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რომელიც ჰქონდათ, გამოსწორებულია, რჩება გარკვეული საკითხები, რაზეც მუშაობას ვაგრძელებთ და აუცილებლად უზრუნველვყოფთ, რომ EQAR-ის რეგისტრაცია ცენტრს რაც შეიძლება მალე აღუდგეს,” – თქვა ლაშა მარგიშვილმა პრესკონფერენციაზე და დაამატა, რომ გასაჩივრებისთვის ცენტრს 20-დღიანი, სააპელაციო კომიტეტს კი განხილვისთვის 60-დღიანი ვადა აქვს.
მარგიშვილის განმარტებით, თუ სააპელაციო კომიტეტი არ გაითვალისწინებს ცენტრის არგუმენტებს, EQAR-ისგან დამატებით შეფასებას მოითხოვენ.
„აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვგეგმავთ. ამისთვის, ჩვენს ორგანიზაციას 20-დღიანი ვადა აქვს. შემდეგ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები 60 დღის ვადაში განიხილავენ ჩვენს საჩივარს. დაველოდებით სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილებას და შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუ სააპელაციო კომიტეტი არ გაითვალისწინებს ჩვენს არგუმენტებს, რომლებსაც წარვუდგენთ, მოვითხოვთ EQAR-ისგან დამატებით შეფასებას.
რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რომელიც EQAR-ის, ENQA-ს წარმომადგენლებს ჰქონდათ, გამოსწორებულია, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, 2024 წლის ზაფხულში განხორციელდა. რჩება გარკვეული საკითხები, რაზეც მუშაობას ვაგრძელებთ და აუცილებლად უზრუნველვყოფთ, რომ EQAR-ის რეგისტრაცია ცენტრს რაც შეიძლება მალე აღუდგეს. რაც შეეხება ENQA-ს, ცენტრს ასოციაციის წევრობა არ შესჩერებია. ჩვენ კვლავ ENQA-ს სრული წევრი ორგანიზაცია ვართ და მათი პროცედურების მიხედვით, თუ მათი წევრი ორგანიზაცია რომელიმე სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, არ უწყვეტენ ასოციაციის წევრობას, დამატებით 2-წლიან ვადას აძლევენ რეკომენდაციებს გამოსასწორებლად და ასოციაციის წევრობის გასაგრძელებლად. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ EQAR-ში რეგისტრაციის შეჩერება, საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების, დიპლომების აღიარებას არ უკავშირდება, ასევე არ უკავშირდება სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს. ჩვენი ორგანიზაცია 2018 წლიდან არის სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის წევრი ორგანიზაცია. შესაბამისად, მანამდე მოვიპოვეთ ამ ორგანიზაციის წევრობა, ვიდრე ENQA-ს და EQAR-ის წევრი ორგანიზაცია გავხდებოდით, აქედან გამომდინარე არც სამედიცინო განათლების მიმართულებით შეძლება ითქვას, რომ რაიმე ტიპის დაბრკოლება შეიძლება შეექმნათ ჩვენს ადგილობრივ საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ მედიცინის პროგრამებზე სწავლობენ“,- განაცხადა ლაშა მარგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა. რეგისტრაციის შეჩერება EQAR-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა ასახული. ცნობისთვის, EQAR-ის ვებგვერდის თანახმად, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აქტივობები ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პრინციპების (ESG) ფარგლებში მოიცავდა: საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ერთობლივი პროგრამების აკრედიტაციას, უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ავტორიზაციას (ან ხელახლა ავტორიზაციას) და ევროპულ მიდგომას ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველსაყოფად.