განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები აშშ-ში გამართულ გამოფენაში მონაწილეობენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 19 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს, რომელიც ნიუ ორლეანში განათლების საერთაშორისო ასოციაციის (NAFSA) ორგანიზებით იმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
„გამოფენის ფარგლებში, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც თანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი პროგრამების შემუშავებისა და სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობის საკითხებს განიხილავენ.
NAFSA უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყანა და 200-მდე ორგანიზაცია იღებს მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ