12
განათლების სამინისტროს ახალი სამმართველო დაემატა. შესაბამისი ბრძანება განათლების მინისტრმა გამოსცა. კერძოდ, საუბარია პროტოკოლის სამმართველოზე, რომელიც 26 აპრილიდან უნდა ამოქმედდეს.
გივი მიქანაძის ბრძანების თანახმად, პროტოკოლის სამმართველოს კომპეტენციები იქნება:
ა) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების ან/და ადმინისტრაციის უფროსის უშუალო დავალებით საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება;
ბ) უცხო ქვეყნის დელეგაციების საქართველოში ვიზიტების დაგეგმვა, საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება;
გ) საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ორგანიზება და საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; მინისტრთან, მინისტრის პირველ მოადგილესთან და მინისტრის მოადგილეებთან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება;
დ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების და მათი თანმხლები დელეგაციის წევრების საზღვარგარეთ დაგეგმილი ოფიციალური, სამუშაო და ტრანზიტული ვიზიტების ორგანიზება; დღის წესრიგის შედგენა; სამგზავრო ბილეთების, სასტუმროსა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება;
ე) სამინისტროში ვიზიტით მყოფი უმაღლესი და მაღალი რანგის სტუმრების დახვედრა/გაცილება;
ვ) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების მიზნით, საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებულ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;
ზ) მაღალი რანგის ღონისძიებებში მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მონაწილეობის უზრუნველყოფა, მათ შორის, შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება;
თ) თბილისსა და რეგიონებში მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების შეხვედრებისათვის წინასაპროტოკოლო ღონისძიებების გატარება და შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება;
ი) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების სახელით, უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის საჩუქრების გადაცემის უზრუნველყოფა, მათ შორის, აღნიშნული საჩუქრების შერჩევა/შესყიდვისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება;
კ) საპროტოკოლო ატრიბუტიკის (ბანერები, სავიზიტო ბარათები, მისალოცი ბარათები, დროშები, კალმები, ბლოკნოტები, მემორანდუმის საქაღალდეები, ბრენდირებული სასაჩუქრე ნივთები და სხვა) დამზადების უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროს ორგანიზებით გასამართი ღონისძიებების/მიღებების ფარგლებში მოსაწვევ პირთა სიის შედგენა, მათი მოწვევა/განთავსება;
მ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მიერ დაგეგმილი სამუშაო შეხვედრებისათვის საკონფერენციო სივრცის სათანადოდ მოწყობა;
ნ) სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნით, სამინისტროს შენობაში გამართული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, შეხვედრების გრაფიკის წარმოება და კონტროლი;
ო) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დიპლომატიური პასპორტებით უზრუნველყოფის ორგანიზება, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფის ორგანიზება;
პ) საპროტოკოლო მიზნებისთვის შესყიდული პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების, კონტროლის აქტების შედგენა და შესაბამისი სამსახურისთვის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eFlow) მეშვეობით მათი მიწოდება, შეძენილი ქონების აღრიცხვა-ჩამოწერა;
ჟ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
პროტოკოლის სამმართველოს უხელმძღვანელებს სამმართველოს უფროსი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსისა და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის წინაშე. (ბიემჯი)



