განათლების ექსპერტი – უფასო განათლება – ეს არის მანიპულაციის შესანიშნავი მაგალითი – მათი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ ბიზნესს იაფი, დაბალკვალიფიციური მუშახელი – ამ რეფორმის შედეგად ინტელექტუალურად გავღარიბდებით

უფასო განათლება – ეს არის მანიპულაციის შესანიშნავი მაგალითი. ცდილობენ, რომ პიარ ტექნოლოგიების გამოყენებით დადებითი „მესიჯები“ მიიტანონ მოსახლეობამდე და ამით მოიგონ მოსახლეობის გული, – ამის შესახებ განათლების ექსპერტმა, ლიკა ღლონტმა მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ღლონტის თქმით, დღეს ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, აიკრძალოს კერძო უნივერსიტეტებიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობა. ის აღნიშნავს, რომ დოკუმენტში არსებული ჩანაწერები, პარლამენტში გაკეთებული განცხადებები და რეალური ნაბიჯები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროცესის გაუმჭვირვალობას.
როგორც ექსპერტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, რეფორმა ქაოსურად მიმდინარეობს და განათლების სამინისტრო ხშირად საკუთარ განცხადებებს თავადვე უარყოფს და ასწორებს.
„ფაქტი, რომ ამდენჯერ უწევთ თავისივე ნათქვამის ჩასწორება, უარყოფა და გადაკეთება ნიშნავს იმას, რომ პროცესი არის ქაოსური. გზადაგზა აკეთებენ დამატებებს. ხშირ შემთხვევაში, თავად განათლების სამინისტრომ არ იცის რისი გაკეთება მოუწევს მეორე და მესამე დღეს, რადგან ეს არ არის ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული მკაფიო გეგმა. ფაქტია, რომ ეს არის პრემიერის აკვიატება და პირადი პროექტი, რომლის განხორციელება უწევს განათლების სამინისტროს. ამ შემთხვევაში, ზვიად გაბისონია უნდა შეგეცოდოს, რადგან ამხელა კაცს უწევს თავისივე ნათქვამის გადაკეთება და თავის მართლება.
ეს არის მაგალითი გაუმჭვირვალე, მოუფიქრებელი და არაკომპეტენტური პროცესის, შესაბამისად ეს ყველაფერი ძალიან საშიშია. დღეს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, ყველაფერი ხდება სწრაფ-სწრაფად. ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ამ შემთხვევაში განათლება უბრალოდ მძევალია, რომლის ამოცანაა დაგვაშოროს ევროპასთან, ქვეყანა მოექცეს იზოლაციაში.
დღეს გავიგეთ, რომ თურმე კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობა აიკრძალება. ეს თქვა ზვიად გაბისონიამ პარლამენტში. უნდა განვასხვაოთ რა წერია დოკუმენტში, მეორე რა ითქმის პარლამენტში და მესამე რას გააკეთებენ რეალურად. ამიტომ, ეს არის არაგამჭვირვალე, არაკომპეტენტური პროცესი“,- განაცხადა ექსპერტმა.
მისი თქმით, მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას განათლების ხარისხის გაუმჯობესება მიზნად საერთოდ არ აქვს. ექსპერტის თქმით, რეფორმის რეალური მიზანია ბიზნესისთვის იაფი და დაბალკვალიფიციური სამუშაო ძალის სწრაფად მიწოდება.
„ამ რეფორმის მიზანი არც არის განათლების ხარისხის გაუმჯობესება. არცერთი აქტივობა არ მუშაობს ხარისხის გაუმჯობესებაზე. მათი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ ბიზნეს იაფი, დაბალკვალიფიციური მუშახელი. ამ რეფორმის შედეგად ინტელექტუალურად გავღარიბდებით“,- განაცხადა ექსპერტმა.
განათლების ექსპერტი ლიკა ღლონტი ამბობს, რომ მთავრობის განათლების რეფორმის გამოცხადების შემდეგ კერძო უნივერსიტეტებმა უკვე დაიწყეს რეაგირება და რამდენიმე მათგანმა შიდა სტიპენდიების პროგრამების შექმნა დააანონსა.
ღლონტის თქმით, საფრთხეების ფონზე სასწავლებლები მოსალოდნელ ფასების ზრდას „ფრთხილად“ მიუდგებიან და საკუთარი პოზიციის შესანარჩუნებლად ყურადღებას უცხოელი სტუდენტების მოზიდვაზე გადაიტანენ.
„კერძო უნივერსიტეტმა, უკვე დაიწყეს რეაგირება, სულ მცირე ორმა უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ ექნებათ შიდა სტიპენდიების პროგრამა, მათ უკვე იგრძნეს საშიშროებები, სავარაუდოდ, ფასების მომატებას, ძალიან ფრთხილად მოეკიდებიან. ისინი უნდა გადარჩნენ და პირველ რიგში, გადარჩებიან უცხოელი სტუდენტების ხარჯზე. უცხოელი სტუდენტები აქ რომ ს სწავლობენ, რეალურად ჩვენი დონორები არიან. უნივერსიტეტებს, რომლებსაც მედიცინის ფაკულტეტი არ აქვთ, მათ ძალიან გაუჭირდებათ და მათი ბედი საკმაოდ ბუნდოვანი იქნება“,- განაცხადა ლიკა ღლონტმა.