პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, მეცნიერებათა აკადემიის რეორგანიზაციის თაობაზე, ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივა გააკრიტიკეს.
გოცირიძის კანონპროექტი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განხილვის საგანი არ ყოფილა, თუმცა კომიტეტის წარმომადგენლებმა უმრავლესობიდან უკვე გამოხატეს პოზიცია, რომ მას მხარს არ დაუჭერენ.
კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ აღნიშნა, რომ ის კანონპროექტის განხილვისას საკუთარ პოზიციაში მკაცრი იქნება. ამასთან, ის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებს შეჰპირდა, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ.
„ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემოიტანა კანონპროექტი მეცნიერებათა აკადემიის გაუქმების თაობაზე. მე, როგორც ამ ჯგუფის ერთ-ერთი გულშემატკივარი, დაუშვებლად მიმაჩნია [განხილვა], მაგრამ დემოკრატია ისეთი დიდი გამოწვევაა, რომ ამ ინიციატივის განხილვა, ბიურო როგორც გადაწყვეტს ისე იქნება. თუმცა ჩემი მხრიდან სიმკაცრე იქნება. მინდა აქედანვე დავამშვიდო მეცნიერებათა აკადემია, რომ მათ ამ კუთხით არავითარი საფრთხე არ დაემუქრებათ“,- განაცხადა ლადო კახაძემ.
კომიტეტის სხდომაზევე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ. მისი თქმით, კანონპროექტის პათოსი მისთვის მიუღებელია.
„გავეცანი ამ კანონპროექტს, გაკვირვებული დავრჩი. ინიციატორები „ევროოპტიმისტები“ არიან, კერძოდ კი რომან გოცირიძე. ის პოლიტიკა, რასაც საკუთარი ხელისუფლების პირობებში ცდილობდნენ რომ განეხორციელებინათ და მეცნიერებათა აკადემიის როლი გაენულებინათ, მეცნიერებათა აკადემია გაეუქმებინათ, ამისი მორიგი მცდელობაა შენობის გაყიდვიანად და ყველაფრიანად. რა თქმა უნდა, რეგლამენტით გათვალისწინებული წესით, ამ ინიციატივას განვიხილავთ, მაგრამ ის, რაც წავიკითხე, პირადად ჩემთვის, მიუღებელია. გულდასაწყვეტია, როცა ასეთი გამოცდილების ადამიანებთან მიმართებით ასეთი მიდგომა ფიქსირდება. როდესაც არის მცდელობა, რომ ამ ინსტიტუტის გაუფასურება და ლიკვიდაციის პროცესი განხორციელდეს“,- განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის რეორგანიზაციას სთავაზობს.
გოცირიძის ინიციატივით პარლამენტს “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ და “მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ კანონებში ცვლილებების პროექტი წარედგინა, რომლის მიხედვით, საქართველოს აკადემიებს საბიუჯეტო დაფინანსება მხოლოდ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუნარჩუნდებათ. ამავდროულად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვეღარ მიიღებენ ანაზღაურებას აკადემიის ის წევრები, რომლებიც შესაბამის სტატუსს კანონის პროექტის ძალაში შესვლის შემდგომ შეიძენენ.