განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ეროვნული კონკურსის „WorldSkills საქართველო 2023“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა განათლების ინტერ-ნაციონალიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
მისი თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი მასშტაბური კონკურსების ჩატარება, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და გაეცნონ თანამედროვე მიღწევებსა და გამოგონებებს.
“მრავალწლიანი პაუზის შემდგომ, წელს საქართველოში სამი მიმართულებით პირველად ჩატარდა [კონკურსი] – ვებტექნოლოგიები, კულინარია, და კონდიტერია. ჩვენს ექსპერტებთან და ჟიურის წევრებთან ერთად გამოვავლინეთ და დავაჯილდოვეთ გამარჯვებულები, როლებიც შემდგომ წელს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გაემგზავრებიან WorldSkills-ის ფინალურ ეტაპზე. ჩვენი სამინისტრო ამას მეტ ყურადღებას დაუთმობს და კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას ჩადებს”, – განაცხადა ამილახვარმა.
კონკურსის გამარჯვებულის, თამთა დევაძის განცხადებით, მსგავსი პროექტები ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ადამიანებს კიდევ უფრო მეტად შეიცნონ საკუთარი პროფესია.
“მიხარია, რომ პირველი ადგილი ავიღე კონდიტერიაში, ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი კოლეჯს, რომ შესაძლებლობა მომცა ამ პროექტში მონაწილეობისთვის. ახალგაზრდებს ხელს გვიწყობს, რომ ჩვენი პროფესია უფრო მეტად შევიცნოთ და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია”, – განაცხადა თამთა დევაძემ.