“გამჭვირვალობის კანონი” ბანკებს საჯარო რეესტრისთვის ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებს

„რუსული კანონი“ ბანკებს საჯარო რეესტრის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, საბანკო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას აკისრებს. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადეს, სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შეჩერება-გაუქმებაზე სარჩელების განხილვა გრძელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, გიორგი ბურჯანაძემ დასვა კითხვა, შეუძლია თუ არა რეესტრს ამ კანონმდებლობის საფუძველზე ბანკიდან ინფორმაციის მიღება.
კითხვაზე პასუხად, საჯარო რეესტრის უფროსი, დავით დევიძე ამბობს, რომ კანონი საბანკო ინფორმაციის გამოთხოვის უფლებასაც იძლევა.
„საბანკო ჩანაწერები და შესაბამისი ინფორმაცია არ არის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები და კანონი გამჭვირვალობის შესახებ ადგენს, რომ მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გამოთხოვის უფლება გვაქვს“,- განაცხადა დავით დავითაძემ.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა ასევე დაადასტურა, რომ ბანკებს ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება აქვთ.
„ჩვენ უფლება გვაქვს გამოვითხოვოთ. პირველი მტკიცებულება ჩვენთვის რა თქმა უნდა, არის საბანკო ამონაწერები. მათ ევალებათ ჩვენთვის ამ ინფორმაციის მოწოდება“,- განმარტა თამარ ტყეშელაშვილმა.
სარჩელების განხილვა გუშინ დაიწყო.
ბოლო მონაცემებით, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, უცხო ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში შესულია 322 განაცხადი. გუშინ დილის მონაცემებით იყო 233.
რეგისტრაცია შაბათ დღესაც არის შესაძლებელი.