„ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ორმაგ სტანდარტს ვერ ვხედავთ. პირიქით, ცალსახააა ქართული ოცნების პოზიცია და ვფიქრობ, საზოგადოების დიდი ნაწილიც ამ პოზიციას გაიზიარებს, რომ გამჭვირვალობა გვინდა ყველგან და არ შეიძლება ეს პასუხისმგებლობა იყოს რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციისთვის, სხვებისთვის კი არ არსებობდეს,” – ასე უპასუხა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შეკითხვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე განმარტა საქართველოში თანამდებობის პირების მხრიდან საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის ვალდებულების საკითხი. მან აღნიშნა, რომ ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტია. მისი თქმით, საქართველოში თანამდებობის პირის დეკლარაცია ძალიან დეტალურია და საჯაროდ ხელმისაწვდომია ისეთი პერსონალური ინფორმაციაც, რომელიც ბევრგან არ არის საჯარო.
„იმ შემთხვევაში, თუკი თანამდებობის პირი ამ ვალდებულებას არ ასრულებს, აქაც ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობები და სანქციები – არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც აქვს ვალდებულება, შეისწავლოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ეს ნიშნავს როგორც დამატებით კვლევებს და პასუხისმგებლობას, ასევე ფინანსურ სანქციებს და სხვ. ასე რომ, კონკრეტული თანამდებობის პირის ვალდებულება მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუმცა არ არის ასე მკაფიო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური ვალდებულებები,” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აქვს მაღალი სტანდარტი და თავის კონტრაქტორ არასამთავრობო ორგანიზაციებს და პარტნიორებს სთხოვს, რომ დაფინანსების წყაროებზე ინფორმაცია იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, მაგრამ, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა წყაროდან და ამის შესახებ დეტალური ცნობები საქართველოს საზოგადოებას არ აქვს.
„საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ზუსტად იცოდეს ამა თუ იმ ორგანიზაციის მოტივაცია კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ. მაგალითად გეტყვით, რომ ეკონომიკურ სფეროში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება გარკვეულმა ორგანიზაციებმა ისეთი ამოცანები შეასრულონ, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს.
იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ვალდებულება ანგარიშგების გამჭვირვალობის შესახებ, საზოგადოებას ეცოდინებოდა თუ რა არის დაფინანსების წყარო და ვფიქრობ, პასუხიც გასაგები გახდებოდა, თუ რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ასეთ ორგანიზაციას კონკრეტული საქმიანობის გამო. ასე რომ, აქ არის ცალსახად მარტივი სტანდარტი, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია ფინანსების წარმომავლობის შესახებ,” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.