კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაცია გამსახურდიამ ტაბულას მიაწოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შემოთავაზება პარლამენტის თავმჯდომარისგან, შალვა პაპუაშვილისგან მიიღო, როგორც “ეს კანონითაა განსაზღვრული”.
როგორც დღეს კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, შალვა პაპუაშვილი შეხვდა და უთხრა, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს, “რადგან 11 წელი ბევრია”.
“პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა ერთი დიდი ოცნება – გამეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო და მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით. და მერე გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.
P.S. და ისიც ვიცი, რომ ახლა იქნება სამდღიანი წუხილი და სამდღიანი დაგეგმილი ლანძღვა – მერე რა, რომ უმიზეზო. და მერე ყველაფერი იქნება ჩვეულებრივად, ძალიან ჩვეულებრივად. და ეს ასეც უნდა იყოს”. – წერს კეკელიძე.