გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონები უნდა გაუქმდეს – ეუთო/ოდირი

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) “გადაუდებელ მოსაზრებას” აქვეყნებს “ქართული ოცნების” მიერ ოქტომბერში დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
საუბარია ცვლილებზე ადმინისტაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში, რომლის მიხედვითაც საპროტესტო აქციაზე, გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
“2025 წლის ოქტომბრის ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით… და უნდა გაუქმდეს”, – ნათქვამია ეუთო/ოდირის “გადაუდებელ მოსაზრებაში”.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებთან მიმართებით, ცვლილებებზე მსჯელობისას, ეუთო/ოდირი საკანონმდებლო ცვილილებებს საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელებაში არასათანადოდ ჩარევის ფაქტად მიიჩნევს.
ამასთან მოსაზრებაში ხაზგასმულია რომ ნაკლებად მკაცრი ალტერნატიული სანქციების არარსებობა ძირს უთხრის „პროპორციულობის პრინციპს“.
“სისხლის სამართლის სასჯელის დაკისრება ისეთი ქმედებებისთვის, რომელიც შესაძლოა იყოს ლეგიტიმური და კანონიერი საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გამოიწვევს თავისუფლების თვითნებურ აღკვეთას, რაც არღვევს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-9 მუხლს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს”, – ნათქვამია დასკვნაში.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით (100-ზე მეტი) მონაწილე.
ფორუმი