„გამოწვევაა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“ – 28 სექტემბერი ინფორმაციის თავისუფლების დღეა

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტიანი ინსტიტუტის არარსებობა.
ლევან იოსელიანის განცხადებით, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების წინაშე, რადგან დაგვიანებით გაცემულმა ინფორმაციამ, შესაძლოა, საზოგადოებისთვის დაკარგოს თავდაპირველი ღირებულება და ხელი შეუშალოს მათ საქმიანობის განხორციელებაში:
„ინფორმაციის თავისუფლების სათანადო რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების საკანონმდებლო გარანტიების შექმნა, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და ეფექტიანი აღსრულება.
საქართველოს სახალხო დამცველი წლებია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას საჯარო ინფორმაციის დაცვის სტანდარტის გასაუმჯობესებლად ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებისკენ, რაც სხვა საკითხებთან ერთად უზრუნველყოფს ეფექტიანი და დამოუკიდებელი საზედამხედველო მექანიზმის შექმნას“, – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 სექტემბერს მსოფლიო ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღინიშნავს. ყველას აქვს უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტებს.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეა და უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს