“გამოწვევაა გაურკვეველი წარმომავლობის პრეპარატები” – ასოციაცია ესთეტიკური მედიცინის რეგულირების საჭიროებაზე საუბრობს (bm.ge)

ბაზარზე გაურკვეველი წარმოშობის პრეპარატებია, რომლებიც ესთეტიკურ მედიცინაში გამოიყენება, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ “საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის” თანადამფუძნებელმა, ბაია კონდრატიევამ ისაუბრა.
მისი თქმით, დარგი ელვის სისწრაფით ვითარდება, თუმცა სახელმწიფო რეგულაციების არქონა მრავალი პრობლემის წყარო ხდება, მათ შორის ყველაზე მტკივნეულია გაურკვეველი წარმოშობის პრეპარატების გაზრდილი რაოდენობა ბაზარზე.
„ესთეტიკური მედიცინა მზარდი სფეროა და ჩვენ გვაქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი დინამიკა. სამწუხაროდ, როდესაც დარგი არ არის რეგულირებული, შეუძლებელია, რომ მხოლოდ ასოციაციის ფარგლებში მოხდეს სტანდარტების დაწესება. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა გაურკვეველი წარმომავლობის პრეპარატების შემოდინება ბაზარზე, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ექიმებს, ისე პაციენტები“, – აღნიშნა კონდრატიევამ.
როგორც ის განმარტავს, ასოციაცია ცდილობს საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარებას და ცნობიერების ამაღლებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არ არის საკმარისი სისტემური ცვლილებების გარეშე.
„ჩვენ ვცდილობთ, როგორც პაციენტების, ისე ექიმების ცნობიერება გავზარდოთ, მაგრამ ეს პრობლემები მხოლოდ სისტემური ჩარევით გადაიჭრება“, – განაცხადა ბაია კონდრატიევამ.
მისი თქმით, აუცილებელია დარგის მკაფიო რეგულირება, რათა პრეპარატების უსაფრთხოება და პროფესიული სტანდარტები დაცული იყოს ქვეყნის მასშტაბით.
bm.ge