გამოძიების მიხედვით, ნოვას ფესტივალის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა რაოდენობა 100-ით გაიზარდა

ისრაელის პოლიციის გამოძიების მიხედვით, 7 ოქტომბრის თმოვლენების დროს ნოვას მუსიკალურ ფესტივალზე ჰამასის ტერორისტების მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა რაოდენობა 100-ით გაიზარდა.
აქამდე ცნობილი იყო, რომ რეიმის კიბუცის მიმდებარედ, სუპერნოვას მუსიკალურ ფესტივალზე ჰამასის თავდასხმას 260 ადამიანი ემსხვერპლა, ოფიციალური რიცხვი ახლა 360-მდე ავიდა.
ოფიციალური მონაცემებით, ჯამში ისრაელზე 7 ოქტომბერს მოწყობილ ტერორისტულ თავდასხმას 1 200 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამისად, ნოვას ფესტივალზე მოკლულთა რიცხვი ამ ოდენობის თითქმის მესამედია.
ს მე-12 არხის მიხედვით, 360 მოკლულში შედის 17 პოლიციელიც. დანარჩენი უდანაშაულო სამოქალაქო პირები დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენს. 7 ოქტომბრის თავდასხმის დღეს სამხრეთ ისრაელში 400-მდე სამხედრო და პოლიციელი მოკლეს.
სხვადასხვა ცნობების მიხედვით, სუპერნოვას ფესტივალს 4 000-მდე ადამიანი ესწრებოდა. ამას გარდა, ოფიციალური ცნობით, ტერორისტებმა ფესტივალის ტერიტორიიდან მძევლად აიყვანეს, სულ მცირე, 40 ადამიანი.
ამას გარდა, რომ არა კიბუც იად მორდეხაისთან პოლიციის დიდი რაოდენობით ყოფნა, ტერორისტები თელ-ავივამდე 40 წუთში მიაღწევდნენ, როგორც ეს პოლიციის ანგარიშზე დაყრდნობით მე-12 არხზე თქვეს.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც -ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.
ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.
22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.
28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო. სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში, ნოემბერში IDF-ის ძალები ქალაქ ღაზაში შევიდნენ. ღაზის სექტორი ჯერჯერობით შუაზეა გაყოფილი. 16 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ქალაქის დასავლეთ ნაწილი სრულად დაიკავეს და ომის ახალი ფაზა დაიწყო.