შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტეხის ხიდზე ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერ იგორ ნარმანიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება „ჯგუფური ძალადობის“ მუხლით დაიწყო.
შსს წერს, რომ დღეს საღამოს 112-ში შევიდა შეტყობინება თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე „მოქალაქეებს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით“.
„სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი“, – წერს შსს.
პრესცენტრის განცხადებით, „ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა“.
„პირველადი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაზიანებები მიიღეს კონფლიქტში ჩართულმა პირებმა – როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ასევე ინციდენტში მონაწილე მოქალაქეებმა“, – წერს შსს
„ამ დროისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს გამოკითხვები“, – წერია განცხადებაში.
შსს ჯერ დაკავებაზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს: „გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად ჩავაყენებთ საქმის კურსში“.
დღეს საღამოს, 3 ოქტობმერს, – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და მის პარალელურად დაანონსებული საპროტესტო აქციის წინა საღამოს, – თბილისში თავს დაესნხენ ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს.
აქტივისტების ცნობით, ფიზიკურად გაუსწორდნენ 15 წლის აქტივისტსაც.
ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს.
