გამოძიება შეიძლება დაიწყოს არა მხოლოდ იმაზე რომ არ დარეგისტრირდით, არამედ იმაზეც რეგისტრაციის ვადა დაარღვიეთ – გოცირიძე FARA-ზე (bm.ge)

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] ე.წ რუსულ კანონზე ბევრად მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, რადგან რუსული კანონისგან განსხვავებით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
კერძოდ, გასულ წელს მიღებული რუსული კანონით უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციები რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში დაჯარიმდებოდნენ, FARA, რომელიც “ქართული ოცნების” პარლამენტმა აპრილში მიიღო, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
“თუ იქ იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აქ რა ხდება, იცით? კანონი ძალაში 31 მაისს შედის და ათი დღეა იმისთვის, რომ მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ან ფიზიკურმა პირებმა მიმართონ ანტიკორუფციულ ბიუროს რეგისტრაციისთვის. თუ ამ ათ დღეში არ მიმართეთ კანონი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაც არის ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ანუ შეიძლება გამოძიება დაიწყოს არა მხოლოდ იმის გამო რომ არ დარეგისტრირდით, არამედ იმის გამოც რომ ეს ათდღიანი ვადა დაარღვიეთ, ანუ ამ პერიოდში არ მიმართეთ რაჟდენის უწყებას (ანტიკორუფციულ სააგენტოს).
იმ შემთხვევაში თუ ათდღიანი ვადა დაიცავი, მაგრამ ხარვეზი მაინც აღმოგაჩნდათ, მაგალითად რამე ფინანსური დოკუმენტაცია არ გქონდათ იმ მომენტში, ასეთ შემთხვევაში ცხრა დღე გეძლევათ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუმცა თუ ეს დოკუმენტი რომელიმე სახელმწიფო უწყებაში ინახება, რომელმაც დროულად არ მოგაწოდათ და დრო ისე გავიდა ვერ წარუდგინეთ, ბატონ რაჟდენს ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების უფლება აქვს, რაც ექვს თვემდე თავისუფლების აღკვეთა.
კიდევ უფრო უარესია მედიის შემთხვევაში. გავრცელებულ პროდუქტს, რომელიც უცხოელი დონორების მხრიდან ფინანსდება როგორც ბატონი რაჟდენი ამტკიცებს, უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო ადგილას გაკეთებული წარწერა: ეს ინფორმაცია ვრცელდება აგენტის მიერ უცხოელი პრინციპალის სასარგებლოდ. ასეთი წარწერა უნდა ჰქონდეს გაკეთებული ნებისმიერ ჟურნალისტურ პროდუქტს, რომელსაც მედია ეთერში გადასცემს ან სოციალურ ქსელში ატვირთავს.
ამას გარდა, როდესაც ჟურნალისტი მიდის საჯარო დაწესებულებაში ინფორმაციის მისაღებად ან ინტერვიუს ჩასაწერად, საჯარო მოხელეს საკუთარი თავი უნდა წარუდგინოს როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა. ასეთი დრაკონული რეგულაციებია. ჯერ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული და ყოველდღიურობაში ეს სტიგმა კიდევ უფრო ძლიერია”, – ამბობს გოცირძე და ამატებს, რომ საია აგენტად რეგისტრაციას არ აპირებს.
“საკონსტიტუციო სასამართლოშიც იმიტომ გავასაჩივრეთ რომ კანონი ამ შინაარსით არის ბუნდოვანი და მრავალგვარ ინტერპრეტაციას ექვემდებარება. ვდაობთ კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლითაც გარანტირებულია ის, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები უნდა იყოს გამჭვირვალე და ამ შემთხვევაში გამჭვირვალე არ არის”, – ამბობს გიორგი გოცირიძე.
წყარო: bm.ge