გამოძიება იკვლევდა გაზაფხულისა და შემოდგომის აქციებთან კავშირში ჩვენს როლს – მიქელაძე

დღეს, 5 სექტემბერს, თბილის საქალაქო სასამართლოში „პირბადეების საქმეზე“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე გამოკითხეს.
მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ, თამთა მიქელაძემ განაცხადა, რომ გამოძიება გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში მიმდინარე აქციებთან კავშირში მათ როლს იკვლევდა.
„ჩვენ ხაზგასმით ვისაუბრეთ პოლიციის თვითნებობასა და სასტიკ ძალადობაზე. ნოემბერსა და დეკემბერში საქართველოს მოქალაქეები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 7-ჯერ 7 ნოემბრის მსგავსად დაარბია. ამ დროს ხდებოდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უმძიმესი შემთხვევები. ძალადობის 280-ზე მეტი შემთხვევა აქვს დოკუმენტირებული სახალხო დამცველს. სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები ვსაუბრობთ იმაზე, რომ სპეციალური საშუალებების თანადროული გამოყენება ხდებოდა მიჯრით და ერთი შემთხვევის გარდა, პოლიციამ მოქალაქეები არც კი გაფრთხილა შეკრებების დაშლის შესახებ.
ამიტომ ჩვენ პირიქით ვესაუბრებით იმ უმძიმეს დარღვევებზე, ძალადობასა და სისასტიკეზე, რომელიც თავად პოლიციამ გამოაჩინა. ბუნებრივია, ჩვენი არგუმენტი იყო ის, რომ ჩვენ, უფლებადაცვითი ორგანიზაცია, რომელიც ამ პროცესების საათობრივ აღრიცხვასა და მონიტორინგს ვაკეთებდით, ამ ძალადობისა და რისკის ზონაში ჩვენი თანამშრომლებისთვის გვჭირდებოდა უსაფრთხოების საშუალებები. ის ერთეული რაოდენობის რესპირატორები, სათვალეები, კეპები, გაეროსა და ეუთოს მიერ დადგენილი სტანდარტებით შეძენილი სამედიცინო და უსაფრთხოების საშუალებებია, არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმენაირ ფინანსურ მობილიზებად აქციების სასარგებლოდ“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.
რაც შეეხება წიწაკის სპრეის, რომლის შეძენაც, პროსამთავრობო „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წინააღმდეგ „მტკიცებულებად“ დევს საქმეში, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ კრიზისულ სიტუაციაში თავდაცვისთვის იყო შეძენილი.
„რაც შეეხება წიწაკის სპრეის, მინდა, საზოგადოებას განვუმარტო. ჩვენი ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ პირობებში უკვე რამდენიმეწლიან შევიწროებასა და დევნას განიცდის. ჩვენთან ჯერ „ალტ ინფოს“ ხალხი მოდიოდა და ძალადობით, სიკვდილითა და გაუპატიურებით გვემუქრებოდა. შემდგომში მათი „ტიტუშკები“ მოვიდნენ ჩემს სახლთან, გააკრეს ფოტოები, გააკეთეს ბინძური წარწერები და ამით ნიშანიც მოგვცეს, რომ იცოდნენ სად ვცხოვრობდი და შეეძლოთ მოახლოება.
ამავდროულად 2023 წელს, სხვა ადამიანებთან ერთად, ჩემი სახე იყო გამოკრული ყველა უბანში, ქალაქსა და სოფელში და პრაქტიკულად, ფიზიკური უსაფრთხოების რისკების წინაშე დაგვაყენეს. ამიტომაც შევაფასეთ ის რისკები, რომელიც ჩვენი გუნდის წევრებს ამ სასტიკ რეალობაში ედგათ და ქალებს, რომლებიც ჩვენი თანამშრომლების 90%-ს შეადგენს, შევუძინეთ ეს საშუალებები რისკის შემთხვევაში“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.
პირბადეების საქმეზე უკვე გამოკითხეს „სამართლიანი ს“ (ISFED) ყოფილი დირექტორი, ნინო დოლიძე და „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე.
27 აგვისტოს პროკურატურის მოთხოვნით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება პროკურატურამ „საბოტაჟის“ შესახებ გამოძიების ფარგლებში მოითხოვა. აღნიშნული გამოძიება პროკურატურაში ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
· „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“,
· „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“
· „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“,
· „დემოკრატიის მცველების“ ,
· „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“,
· „საფარის“
· „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“.
პროკურატურის განცხადებით, ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება მოითხოვა, რადგან გაზაფხულის აქციების დროს, მათ აქციის მონაწილეებისთვის სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები შეიძინეს და ასევე, დახმარება გაუწიეს დაჯარიმებულ ადამიანებს ჯარიმის გადახდაში და დაკავებულ პირებსა და მათ ოჯახებს.
პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ შესყიდვის დოკუმენტები გამოაქვეყნა იმის “დასტურად”, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ანგარიშები დაუყადაღეს, „ძალადობრივ აქციებს ორგანიზებას და დაფინანსებას“ უწევდნენ.
27 აგვისტოს „იმედმა“ 5 არასამთავრობო ორგანიზაციის შესყიდვების დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციებზე სიუჟეტის ავტორის, სოფო ბერიძის განცხადებით, დოკუმენტები „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა“. საუბარია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „დემოკრატიის მცველების“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შესყიდვებზე.
„იმედის“ ინფორმაციის თანახმად, ამ 5 ორგანიზაციამ აქციების დროს პირაბდეებზე, რესპირატორებზე და სხვა დამცავ საშუალებებზე ჯამში, სულ დაახლოებით, 7 500 ლარი დახარჯა.
28 აგვისტოს „იმედმა“ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წინააღმდეგ არსებული „მტკიცებულებებიც“ გამოაქვეყნა. „იმედის“ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ISFED-მა 2024 წლის 1 მაისს 18 რესპირატორის და 20 დამცავი სათვალე შეიძინა, რაშიც 1200 ლარზე მეტი გადაიხადა.
· “საბოტაჟი” 7500 ლარით? – “იმედმა” ყადაღადადებული ორგანიზაციების შესყიდვების დოკუმენტი გამოაქვეყნა