გამოჩნდა დოკუმენტი, რომელზეც ხელმომწერია ნათია თურნავა – გიორგი ბაჩიაშვილი საქმის ახალ დეტალზე

“დღეს მოსამართლემ ნათია თურნავას პროცესზე დაბარების გადაწყვეტილება ვერ მიიღო,” – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე დაბარებული მოწმეები არიან წნეხის ქვეშ.
„ივანიშვილისა და „ქართუ ბანკისთვის“დღეს იყო მორიგი სამარცხვინო პროცესი. ჩვენ ვიხილეთ „ქართუ ბანკის“ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომელი, ზურაბ გოგუა, რომელიც დირექტორატის წევრი იყო და ისიც ერთხმად, გუშინდელ მოწმეებთან ერთად ამტკიცებდა, რომ რაც კი დოკუმენტაცია გაფორმდა, ამას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. მსგავსი დოკუმენტები არის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობა და ეს ბანკი არის პირდაპირ ივანიშვილის კანტორა, სალარო. ამას ამტკიცებს მთელი მისი კოლექტივი. ძალიან სამარცხვინოა, არცერთი საკუთარი თავის პატივისმცემელი ბანკირი მსგავს განცხადებას არ გააკეთებდა, თუმცა აქ თავის თავის პატივისცემაზე წინ არის ივანიშვილის დავალება და მისი ზეპირსიტყვიერი ჩვენების “გაპრავება”.
საცოდაობაა ამ მოწმეების დატანჯული სახეების ყურება. ისინი, რა თქმა უნდა, წნეხის ქვეშ არიან და არ სიამოვნებთ იმის თქმა, რისი თქმაც უწევთ, მაგრამ არიან ამ სისტემის წინაშე უძლურები. ამ სისტემის წინაშე უძლურია მოსამართლეც. მან ელემენტარულად, წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი პირი უნდა შეიყვანოს დასაკითხ პირთა სიაში, ეს არის პრაქტიკა და არის უამრავი ადამიანი შეყვანილი. როცა გამოჩნდა 2023 წელს შექმნილი დოკუმენტი, რომელზეც ხელმომწერია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, პროკურორი ეგრევე შეფუცხუნდა. რა თქმა უნდა, მას არ აწყობს ნათია თურნავას სასამართლოში მოყვანა. ძალიან ბევრი ბჭობისა და პროტესტის შედეგად მოსამართლემ ღიად დატოვა ეს საკითხი. თავად ვერ გადაწყვეტდა ამ საკითხს, მან უნდა გაიაროს კონსულტაცია ივანიშვილსა და მის მოვლენილ პირთან, შეიძლება თუ არა ნათია თურნავას მოყვანა სასამართლოში. ეს არის სამარცხვინო“,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი 2017 წლის ქმედებისთვის წაუყენეს. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.