გუშინ, 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული აქტივისტებიდან ორი, 2000-2000- ლარიანი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
“დაკავებულებიდან 4-ის სასამართლო გუშინვე, 23-ში შედგა. მათგან ორის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა და ისინი იზოლატორიდან გაათავისუფლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ 2000-2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. იზოლატორიდან გათავისუფლდნენ დანარჩენი დაკავებულებიც დღეს. შსს, სავარაუდოდ, დღეს აღარ, უახლოეს დღეებში მიმართავს სასამართლოს და ჩაინიშნება პროცესები”, – უთხრა ნეტგაზეთს ქეთი ჩუთლაშვილმა, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა, რომელიც დაკავებულთა ადვოკატია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ, ჯამში, 20 ადამიანი დააკავა.
უწყების ცნობით, 18 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი კი- სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.
23 იანვარს აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად, აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.
გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.
ფეისბუკით გაშვებული პირდაპირი ეთერის წაყვანისას, პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს “მაუწყებლის” ჟურნალისტი მისი კუთვნილი მანქანიდან და მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა სცადეს.
დღეს, 24 იანვარს, გამოსახლების პროცედურა დაგეგმილი იყო ცოტნე დადიანის 259 ნომერში, სადაც 2008 წლის ომის ვეტერანი მაია კაკიაშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს და აღსრულების პოლიციას ისიც მხარდამჭერებთან ერთად ელოდა. მისი გამოსახლება გადაიდო რამდენიმე თვით (არაუმეტეს 6 თვისა). დღეს სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებს შეუერთდა წინა დღეს დაკავებული აქტივისტი გიორგი ღვინჯილია.
26 იანვარს გამოსახლების პროცედურა დაგეგმილია ზანდუკელის ქუჩის ორ ნომერში, სადაც გუჯა ბალახაძის ოჯახი ცხოვრობს.
ამავე თემაზე:
· პრეზიდენტი: ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია
· “მასობრივ პროტესტს დავიწყებთ თბილისში” – ოჯახები გამოსახლების რისკის ქვეშ