გამოსახლებისას დაკავებულების მიმართ სოლიდარობის ნიშნად მაღაროელები ერთი საათით გაიფიცნენ

ჭიათურელმა მაღაროელებმა პარასკევს, 26 იანვარს, სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დაკავებულებს და სოლიდარობის ნიშნად ერთი საათით გაიფიცნენ.
მაღაროელების ვიდეომიმართვა მოძრაობა „ხმამ“ გაავრცელა. სწორედ „ხმის“ წევრები არიან სისხლის სამართლის წესით დაკავებული აქტივისტები, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა.
მაღაროელები ჩიქობავასა და ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ.
„ისინი არიან ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იბრძვიან უსამართლობის წინააღმდეგ… ეს პროცესი გაგრძელდება… აქცია მთელ საქართველოს მოედება და ვნახოთ, რამდენად უღირთ ამ ორი ადამიანის პატიმრობა მთელი საქართველოს გადატრიალების ფასად“, – ამბობს ვიდეოში ერთ-ერთი მაღაროელი, ტარიელ მიქაცაძე.
ჩიქობავასა და ხასაიას პატიმრობას პარალელურად აპროტესტებენ სტუდენტებიც.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მეორე დღეა, დაკავებული აქვთ უნივერსიტეტის კანცელარია.
23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან.
პოლიციამ გამოსახლების წინააღმდეგ გამოსული 20 ადამიანი დააკავა. 2 მათგანი – სისხლის სამართლის წესით.
სისხლის სამართლის წესით დაკავებულები არიან სოციალურ საკითხებზე აქტიური მოძრაობა „ხმის“ დამფუძნებელი წევრები: გიორგი ხასაია და აკაკი (კაკო) ჩიქობავა.
კაკო ჩიქობავა თსუ-ის პროფესორია.
გიორგი ხასაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 იანვარს ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დაწერეთ კომენტარი