გამოსავალი არის ის, რომ ბიზნესმა 1 დღე შეაჩეროს ფუნქციონირება – ხილბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი

შექმნილ ვითარებაში გამოსავალი არის ის, რომ ბიზნესმა 1 დღე შეაჩეროს ფუნქციონირება, რათა დასაქმებულებმა შეძლონ საკუთარი პროტესტის გამოხატვა. ეს დღე კი პრეზიდენტის არჩევის დღე უნდა იყოს, – ასე ფიქრობს ხილბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი,რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
ბეჟიტაშვილის აზრით, თუ ეს უზურპატორები ხელისუფლებაში თუ დარჩნენ, ყველა ტიპის ბიზნესს მოადგებიან.
ხილბოსტნეულის ასოციაციის პრეზიდენტიო ამტკიცებს, რომ ბიზნესს აქვს სურვილი, სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს და არაფრის დათმობას აპირებენ.
ვახტანგ ბეჟიტაშვილის შეფასებით, დღეს არ არსებობს ორი მხარე. მისი მტკიცებით, ერთი არის კრიმინალთა ბანდა და მეორე, დანარჩენი საქართველო.
“გამოსავალს რაც შეეხება, ჩემი აზრით, როგორც მსხვილმა ბიზნესმა, ასევე წვრილმა და საშუალო ბიზნესმა ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ აქციები დღისით იმიტომ არ არის, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები არიან. ყველა ჩვენგანს გვაქვს მზაობა, რომ 1 დღით შევაჩეროთ ჩვენი საქმიანობა და თანამშრომლებს ვუთხრათ, რომ თქვენ ხართ დღეს თავისუფლები და შეგიძლიათ გამოხატოთ პროტესტი. ეს ერთი დღე ზუსტად უნდა იყოს ის რიცხვი, როდესაც ესენი ვითომ პრეზიდენტის არჩევას აპირებენ. სულ ყველა უნდა გამოვიდეს. არ უნდა გაჩერდეს თორემ ხვალ, ზეგ და ახალი წლის შემდეგ ყველას სათითაოდ მოგვადგებიან“, – აცხადებს ბეჟიტაშვილი.