გამორჩეული ექსტერიერის მქონე შენობის ნაცვლად მრავალბინიანი კორპუსი – რას აშენებს ბეჟან წაქაძის შვილი სანაპიროზე

მთაწმინდაზე ლაღიძის 12-ში მდებარე შენობა, რომლის უკანა მხარეც მარჯვენა სანაპიროზე გადიოდა და თავისი გამორჩეული ექსტერიერით, დასამახსოვრებელ სანახაობას ქმნიდა, რამდენიმე თვის წინ უძრავი ქონების მესაკუთრე კომპანიამ დაანგრია. ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის მაშინ ამბობდა, რომ პროექტი სანაპიროს მხარეს არსებული კედლის შენარჩუნებას, უკან კი ახალი მოცულობის ჩადგმას ითვალისწინებდა, თუმცა პროექტის დამტკიცების შემდეგ მფლობელმა პირობა აღარ შეასრულა და შენობაც და აღნიშნული კედელიც სრულად დაანგრია.
ქონების მესაკუთრე „ნიუ ჰაუსში“ განმარტავენ, რომ სარეკონსტრუქციო კედლის მდგრადობა საფრთხის შემცველი იყო და ამიტომ მოხდა აღნიშნული კედლის დაშლა, სამშენებლო სამართალდარღვევისთვის კი კომპანიამ 15 000 ლარი უკვე გადაიხადა. ახალი ესკიზით, რომელიც არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმდა, იგეგმება კედლის აღდგენა და გადაწყობა.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ესკიზი შეთანხმებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის და მშენებლობის ნებართვის განხილვა.
„საპროექტო ტერიტორიას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ზ.გამსახურდიას სახელობის სანაპირო და მდინარე მტკვარი. სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, სამხრეთ-დასავლეთით განთავსებულია საპროექტო ტერიტორიის ეზო და ეზოს ესაზღვრება პოლიკლინიკა და საცხოვრებელი სახლები. ჩრდილო-დასავლეთის მხარეს ტერიტორიას ესაზღვრება საცხოვრებელი სახლი.
წარმოდგენილი პროექტით დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. საპროექტო ტერიტორიაზე ვხვდებით ლაღიძის ქუჩიდან.
-6.30 ნიშნულზე განთავსებულია ავტოსადგომი 34 ავტომანქანაზე.
-3.60 ნიშნულზე პროექტით გათვალისწინებულია რესტორანი და სამზარეულო.
საცხოვრებელი სართულები დაყოფილია 4 ბლოკად-4 სადარბაზოდ, რომლების გადახურვის ფილები(მოპირკეთების ჩათვლით) არ აღემატება 400 კვ.მ. -ს. თვითეულ სადარბაზოში დაპროექტებულია თითო კიბის უჯრედი, ლიფტი, სამ-სამი საცხოვრებელი ბინა და თითო საოფისე ფართობი. სულ 12 ბინა და 4 საოფისე.
+3.60 ნიშნულზე ოთხ ბლოკში განთავსებულია თითო კიბის უჯრედი, ლიფტი 1″-4 ღერძებში 4 ბინა, დანარჩენ სამ ბლოკში 5-5 ბინა. სულ 19 ბინა.
+7.20 ნიშნულზე ოთხ ბლოკში განთავსებულია თითო კიბის უჯრედი, ლიფტი, 2-2 ბინა. სულ 8 ბინა.
+10.80 ნიშნულზე ოთხ ბლოკში განთავსებულია თითო კიბის უჯრედი, ლიფტი თითო ბინა. სულ 4 ბინა. თითოეული ბინიდან შიდა კიბით ვხვდებით ტერასაზე. ოთხივე ტერასაზე პროექტით განთავსებულია საცურაო აუზი“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
მრავალბინიანი შენობის სართულების რაოდენობა 7 იქნება, რომელთაგან 5 მიწისზედა სართულს წარმოადგენს.
საჯარო რეესტრის თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრე შპს „ნიუ ჰაუსის“ დირექტორი ბიძინა წაქაძეა. 50-50%-ს კი თავად ბიძინა წაქაძე და სანდრო ცხადაძე ფლობენ. ბიძინა წაქაძე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბეჟან წაქაძის შვილია.