გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის ჯარიმა 100-დან 3000 ლარამდეა

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა, 20%-ით შეუმცირდება.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო. ბოლო 10 თვეში (2023 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 4 ივლისის ჩათვლით), გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 6189 იურიდიული და ფიზიკური პირი დააჯარიმა. ყველაზე მეტი 2946 ჯარიმა გამოიწერა დედაქალაქში.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის – www.videos.police.ge საშუალებით.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვეის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემა დაინერგა საწარმოებში. პარალელურად, გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. კომპლექსურად, ყველა ეს მიმართულება, ხელს უწყობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას.