გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა, რომელიც “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის საქმეზე დაიკითხა, სასამართლოს შენობა ხმაურისა და შეძახილების ფონზე დატოვა.
“მონა ედიშერაშვილი” – ამ შეძახილებით დაატოვებინეს მას სასამართლოს შენობა.
გამომძიებელს სასამართლოდან გასვლა პოლიციელების თანხლებით მოუწია. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დიდი ოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
პოლიციელებმა ერთი პირი, გიორგი ჩხეიძე დააკავეს.
სალომე ედიშერაშვილმა პროცესზე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა.
ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის კითხვაზე, შემთხვევის ადგილი დაათვალიერა თუ არა, გამომძიებელმა უარყოფითი პასუხი გასცა.
ასევე, კითხვაზე, “ქორთიად მერიოოტის” მიმდებარედ არსებული კამერები რატომ არ ამოიღო, გამომძიებელმა განაცხადა, რომ “საქმეზე დანაშაულის ჩადენის ამსახველი კადრები დამაგრებულია”.
ადვოკატის კითხვაზე, მოპოვებულ ვიდეოჩანაწერზე მოითხოვა თუ არა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, რაც მათ შორის, დაადგენდა, იმას, ვიდეოჩანაწერი იყო თუ არა დამონტაჟებული, გამომძიებელმა უპასუხა, რომ ექსპერტიზა ჩანაწერზე არ მოუთხოვია, ვინაიდან, ვიდეო პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
კითხვაზე, ესმის თუ არა მას ვიდეოში, საბა სხვიტარიძის სიტყვები, “ქალს ხელს როგორ ურტყამ”, ედიშერაშვილმა უპასუხა, “მე მგონი ისმის”.
ადვოკატმა, პოლიციელ ლუკა ჯინჭარაძის მიერ შემთხვევის ადგილის “თბილისი მერიოტად” მითითებაზეც ჰკითხა, რაზეც ედიშერაშვილმა უპასუხა, რომ
“ორი “მერიოტია” და ტექნიკური შეცდომა იყო, ვიდეოჩანაწერში კი ჩანს, თუ სად მოხდა ფაქტი”.
აღნიშნულზე ადვოკატი ჩაეკითხა, ეს მისი შეცდომა იყო თუ, მოწმეების, გამომძიებელმა უპასუხა, “შეიძლება ჩემი იყოს, შეიძლება – მოწმეების”.
ჩომახაშვილის კითხვაზე, ვიდეოში სადმე ისმის თუ არა ფრაზა, როცა მირიან ქავთარაძე ამბობს, პოლიციელი ვარ და ნუ მირტყამო, გამომძიებელმა განაცხადა, რომ “არ ახსოვს”.
ჩომახაშვილმა კითხვა დაუსვა, ხედავდა თუ არა ის ვიდეომასალაში მირიან ქავთარაძის მხრიდან მოქალაქისთვის ხელის დარტყმას.
“ხელის გარტყმის მომენტი კარგად არ ჩანს, ეს ფაქტი ჩემი კომპეტენციის სფერო არაა, ეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაა”,- განაცხადა ედიშერაშვილმა.
ადვოკატის თქმით, იმისთვის, რომ პირის პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ბრალდების წარდგენა მოხდეს, მისთვის ცნობილი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ პირი პოლიციელია. ჩომახაშვილმა ედიშერაშვილს მიმართა, ჰკითხა თუ არა მან პოლიციელებს, თუ რა მიზნით არ ეცვათ ფორმები, რაზეც ედიშერაშვილმა უპასუხა, რომ “სამოქალაქო ფორმით ყოფნა დანაშაული არაა”. ასევე, გამომძიებლის თქმით, მას მირიან ქავთარაძე არ დაუკითხავს.
ჩომახაშვილის კითხვაზე, საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, იყო თუ არა მნიშვნელოვანი მირიან ქავთარაძის წინარე ქმედებები, გამომძიებელმა დადებითი პასუხი გასცა.
“კადრებში, რომელსაც აჩვენებთ, კარგად ჩანს, რომ საბა სხვიტარიძე მირიან ქავთარაძისგან მოშორებით დგას, მისი ქმედება ჩემი კომპეტენციის ფარგლებში არაა”,- განაცხადა ედიშერაშვილმა.
ადვოკატ გოგიტა გაბაიძის კითხვაზე, როცა მასთან ოთახში საბა სხვიტარიძე შეიყვანეს, შენიშნა თუ არა ნაკაწრი მის შუბლზე, გამომძიებელმა უარყოფითი პასუხი გასცა.
“მე არ დამინახავს, არ დამითვალიერებია, დიდი ზომის დაზიანება რომ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, შევამჩნევდი, თუმცა, ჩემმა კოლეგამ რა დაზიანებებიც თუ ნაკაწრიც ჰქონდა, აღწერა”,- განაცხადა ედიშერაშვილმა.
კითხვაზე, საბა სხვიტარიძე ჰყავდათ თუ არა სამმართველოს მე-5 სართულზე და მოხდა თუ არა იქ მის მიმართ ძალადობა, გამომძიებელმა განაცხადა, რომ “საბა მის ოთახში, მშვიდად, წყნარად, ხელბორკილების გარეშე შეიყვანეს”. “როგორც ვიცი, ის პირდაპირ მე-8 სართულზე ამოიყვანეს”,- განაცხადა ედიშერაშვილმა და დასძინა, რომ იმ მომენტი, როცა სხვიტარიძის “ვიზუალური დათვალიერება ხდებოდა, საბა მისი თვალთახედვის არეში არ იმყოფებოდა”.
მას კითხვებით მიმართა საბა სხვიტარიძემაც.
“ბატონმა თედორემ რომ შეამოწმა ჩემი დაზიანებები და მიუთითა, კითხვა რატომ არ გაგიჩნდათ, საიდან მივიღე ის”? აღნიშნულზე გამომძიებელმა უპასუხა, რომ “საბა არ გასცემდა არანაირი ინფორმაციას”.
“ადვოკატს და სასწრაფოს რომ ვითხოვდი, რატომ არ მომიყვანეთ”?- მიმართა მას კვლავ კითხვით, რაზეც ედიშერაშვილმა უპასუხა:
“არ გითქვამთ, ძალიან მშვიდად ისხედით, არანაირი პარკი არ შემომიწოდებია”,- განაცხადა
