“გამომძიებელმა პირდაპირ თქვა, რომ ამ საქმეს არ ჰყავს ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი”

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის პროცესზე ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს.
ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განმარტა, რომ მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენებამ დაადასტურა, რომ ამ საქმეში არ არსებობს ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, შესაბამისად ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის საფუძველიც აღარ არსებობს. ადვოკატის თქმით, მოსამართლემ ამ გარემოებით უნდა იმსჯელოს და პატიმრობის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღოს.
„დაცვის მხარის მოწმეებზე შეუძლებელია ბრალდებულებმა ზემოქმედება მოახდინონ და მით უმეტეს მე არც ერთი მოწმე არ მყავს წარმოდგენილი ამ საქმეზე, ეს იყო ბრალდების მხარის ნუსხა, რომელიც ჩვენც მივიჩნიეთ ჩვენს მტკიცებულებად და ამიტომ არ ვაპირებ მოწმის დაკითხვას სასამართლოში. მტკიცებულებების გამოკვლევის საფრთხე არის აბსოლუტურად ამოწურული.
ასევე, კუმულაციურად შეიცვალა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე გამომძიებლის დაკითხვის შემდეგ, რომელმაც დეტალურად თქვა მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზას ელოდებოდა და მხოლოდ ეს განაპირობებდა პირდაპირ კონტაქტს ე.წ. ჯგუფის წევრებსა და ხელმძღვანელებს შორის და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი, ესაა – დაუდგენელია ორგანიზატორები ამ სისხლის სამართლის საქმეზე.
გამომძიებელმა პირდაპირ თქვა, რომ ამ საქმეს არ ჰყავს ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, რაც პირდაპირ, არათუ ჩემ მიერ წარმოდგენილი პრეცდენტებით, რომლითაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, არამედ სხვა ყველა 225-ე მუხლის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლომ ცალსახად განმარტა, რომ თუ არ არიან დადგენილი ორგანიზატორები და ხელმძღვანელები, რომც არსებობდეს ასეთი რამ, ჩნდება გონივრული ეჭვი.
ჩვენ ვერ მოგთხოვთ, რომ წინასწარ შეაფასოთ და თქვათ, რომ ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა, ეს არც იქნება სწორი, მაგრამ თქვენ ფაქტობრივი საფუძვლის შემცირება უნდა გამოიყენოთ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის შემცირების ნაწილში და თქვათ ასეთი რამ, რომ ვინაიდან არ დადასტურდა ის გარემოებები, რომელიც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს დაედებოდა საფუძვლად, ამიტომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ამ მიმართულებით.
…აღარ არსებობს აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების საფუძველი. შეცვლით აღკვეთის ღონისძიებას თუ არ შეცვლით, ჩემი აზრით, უკვე დროა, 7 თვის მერე ეს მოცემულობა მიიღოთ მხედველობაში. ახლა უკვე დროა, აღკვეთის ღონისძიება შეცვალოთ, სამართლებრივადაც, მორალურადაც და ყველა მიმართულებით“, – თქვა გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.
პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობის განხილვა გრძელდება. ადვოკატების თქმით, საქმეზე დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი და ვერ დადასტურდა ბრალად წარდგენილი ქმედებისთვის აუცილებელი კომპონენტები.