გამომძიებელი სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკაზე – გამოძიება ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს – META-დან მოსული ინფორმაცია ემთხვევა მისამართს, საიდანაც ყალბი „ექაუნთით“ პიროვნება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტო მასალას

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, ვასილ კაკაშვილის განცხადებით, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დაზარალებული ქალის მიმართვისა და სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი მხრივ თავად დაზარალებული მიუთითებდა ცნობილაძეზე, მეორე მხრივ კი META-დან მიღებული ინფორმაცია იმ მისამართს ემთხვევა, „საიდანაც ყალბი „ექაუნთის“ გამოყენებით ინტიმური შინაარსის ფოტო მასალის მოპოვება ხდებოდა“. გამომძიებლის ინფორმაციით, ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა და ნივთებია ამოღებული.
„დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონოდ მოპოვების ფაქტთან დაკავშირებით. დაზარალებული მიუთითებდა პიროვნებაზე, ვისთანაც ჩავატარეთ ჩხრეკა. ასევე, META-დან მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმ მისამართს, საიდანაც ყალბი „ექაუნთის“ გამოყენებით პიროვნება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტო მასალას“,- განაცხადა გამომძიებელმა.
ცნობისთვის, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩხრეკას რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვების საქმეს უკავშირდება.
ჩხრეკის პროცესს ადვოკატიც დაესწრო. თავად ცნობილაძე აღნიშნულს საპროტესტო აქციებზე მის აქტიურობას უკავშირებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ იცის, რას ეძებენ მის სახლში. ცნობილაძის თქმით, ჩხრეკაზე დილით შევიდნენ და ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია