გამოკითხულთა 26%-ისთვის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, 2%-ითვის განათლების დაბალი დონე – კვლევა

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულები მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევენ, შემდეგ მოდის სიღარიბე და პოლიტიკური არასტაბილურობა.
კითხვაზე – რა არის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოში, 26% მთავარ გამოწვევად უმუშევრობას მიიჩნევს; 13% – სიღარიბეს; 10% – პოლიტიკურ არასტაბილურობას; 7% – ფასების ზრდას; 6% თვლის, რომ ჯანდაცვა არ არის ხელმისაწვდომი, 5%-ითვის დაბალი ხელფასია მთავარი პრობლემა. კვლევაში გამოკითხულთა 2 და 3%-ს პრიორიტეტული ადამიანის უფლებების დარღვევა, კორუფცია და განათლების დაბალი ხარისხია.
გამოკითხულები მეორე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად კვლავ სიღარიბეს ასახელებენ, მას მოსდევს უმუშევრობა და ინფლაცია (17%-16%-13%).
კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.