გამოკითხულთა ჯამში 55% უმთავრეს პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს – IRI-ს კვლევა

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი – 54%, მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით არ ვითარდება.
სწორად ქვეყნის განვითარების მიმართულებას მიიჩნევს გამოკითხულთა 39%. პასუხზე უარი განაცხადა, ან პასუხი არ ჰქონდა, გამოკითხულთა შვიდ პროცენტს.
შედარებისთვის, 2023-ის მარტის IRI-ის კვლევაში გამოკითხულთა 62% მიიჩნევდა, რომ ქვეყანა არ ვითარდება სწორი მიმართულებით; 30% – რომ სწორით.
რაც შეეხება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, გამოკითხულთა ჯამში 67% ასახელებს ეკონომიკურ განვითარებას, 49% – უმუშევრობას, 42% – ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. 11% – ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას.
ქვეყნის უმთავრეს პრობლემად გამოკითხულთა ჯამში 55% მიიჩნევს უმუშევრობას, 39% – ცხოვრების სიძვირეს, 16% – ზოგადად ეკონომიკურ სიტუაციას, 13% – სიღარიბეს.
თავისი ოჯახის უმთავრეს პრობლემად ჯამში 35% ასახელებს მაღალ ფასებს, 27% – უმუშევრობას, 13% – ზოგადად ეკონომიკურ სიტუაციას. 21% ამბობს, რომ პრობლემა არ აქვს. ოჯახის ეკონომიკურ სიტუაციას ძალიან კარგად მიიჩნევს 4%, 59% – ასე თუ ისე კარგად, 27% – ასე თუ ისე ცუდად, 10% – ძალიან ცუდად. ცვლილებები მარტის კვლევასთან შედარებით ცდომილების ზღვარშია.
კვლევა ჩატარებულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩაატარა გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა [Institute of Polling & Marketing]. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუთი.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 18 წელზე უფროსმა 1200-მა მუდმივმა მაცხოვრებელმა. კვლევა წარმომადგენლობითია. კვლევაში არ მიუღიათ მონაწილეობა ოკუპირებული სა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრებს. გამოხმაურების მაჩვენებელმა შეადგინა 73%. ცდომილების ზღვარი შეადგენს -+2,5%-ს. კვლევა დაფინანსებულია USAID-ის მიერ.