ევროკავშირის ქვეყნებში გამოკითხულთა თითქმის ნახევარი დადებითად აფასებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქმიანობას.
გამოკითხვა Euronews-მა და საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა, Ipsos-მა ჩაატარეს. 26 ათასი გამოკითხულის 47%-მა ზელენსკი დადებითად შეაფასა. ამ შედეგით უკრაინის პრეზიდენტი უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს, ოლაფ შოლცს, ემანუელ მაკრონსა და დონალდ ტუსკს.
თუმცა ზელენსკის პიროვნებამ ურთიერთსაპირისპირო შეფასებები გამოიწვია.
გამოკითხულთა შორის ბევრია ისეთი, ვინც მას უარყოფითად უყურებს.
ყველაზე დადებითი შეფასებები ზელენსკიმ მიიღო სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც გამოკითხულთა 70-80 პროცენტი მის საქმიანობას დადებითად აფასებს.
უკრაინის პრეზიდენტს მიმართ ყველაზე ცუდია დამოკიდებულება უნგრეთში, საბერძნეთსა და სლოვაკეთში. ამ ქვეყნებში მხოლოდ 15-25 % უყურებს დადებითად ზელენსკის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ზელენსკის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ევროკავშირის ქვეყნებში გამოკითხულთა დაახლოებით 41%-ა მის მიმართ დადებითად განწყობილი.
ოლაფ შოლცს, გერმანიის კანცლერს, 38%-ი მიიჩნევს დადებით პოლიტიკოსად.
აღსანიშნავია, რომ შოლცმა და მაკრონმა ყველაზე ნაკლები მომხრე მათ ქვეყნებში გამოკითხულთა შორის მოიპოვეს.
ყველაზე ნაკლებად მოწონებული პოლიტიკოსები, გამოკითხვის მიხედვით, არიან უნგრეთის და რუსეთის ლიდერები – ვიქტორ ორბანი და ვლადიმერ პუტინი. ორბანის საქმიანობა დადებითად შეაფასა გამოკითხულ ევროპელთა 15 %-მა, პუტინისა კი 10 %-მა.
რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია შედარებით უკეთესია ბულგარეთის, სლოვაკეთისა და საბერძნეთის მოქალაქეებს შორის, სადაც მას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 22-დან 37 %. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში გამოკითხულთა შორის მხოლოდ ერთეულებს აქვს დადებითი აზრი პუტინზე.
დაწერეთ კომენტარი