აშშ-ში ჩატარებული ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამომრჩევლის უდიდესი უმრავლესობა ემხრობა.
ამავე კვლევის თანახმად, MAGA ამომრჩევლის ჯამში 72% ამბობს, რომ ისინი ან “მტკიცედ” ან “ნაწილობრივ უჭერენ მხარს” ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციაში აშშ-ს არმიის პირდაპირ ჩართვას.
GreyHouse-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ისრაელის მიერ თეირანის ბირთვულ პროგრამაზე იერიშებს ტრამპის მხარდამჭერთა 83% უჭერს მხარს, მათ შორის, 67% “მტკიცედ ემხრობა”, ხოლო 16% “ნაწილობრივ”.
ამავდროულად, ისრაელის სამხედრო კამპანიის დაწყების შემდეგ, ტრამპის ამომრჩევლებს შორის გაზრდილია თავად ტრამპისადმი მხარდაჭერაც; 75% პრეზიდენტის მიერ შესრულებული სამუშაოს “ძლიერად მიესალმება”, ხოლო 20% – “ნაწილობრივ”.
ტრამპის მხარდაჭერის მაჩვენებელი, არსებული მონაცემებით, გაზრდილია ისრაელის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე (9-11 ივნისს) ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, რომელთა თანახმადაც ტრამპის საქმიანობას მის ამომრჩეველთა 88% აფასებდა დადებითად.
GreyHouse-ის გამოკითხვა ასევე აჩვენებს, რომ ტრამპის ამომრჩევლის დაახლოებით 60% მიიჩნევს ირანს, როგორც “ძალიან სერიოზული საფრთხე” ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ხოლო 25%, როგორც – “ნაწილობრივ სერიოზული საფრთხე”.
74% ამბობს, რომ ირანის მიერ ურანის გამდიდრების პროგრამით ძლიერ შეშფოთებულია. მსგავსი რიცხვი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ახალი ბირთვული შეთანხმების შემთხვევაში თეირანის ნდობა არ შეიძლება. ტრამპის ამომრჩევლის 86% მიიჩნევს, რომ აშშ-მ “თავდაცვის იარაღის სისტემები უნდა უზრუნველყოს, როგორიც სარაკეტო თავდაცვის სისტემებია, რათა ისრაელს ირანული თავდასხმებისგან თავდაცვაში დაეხმაროს”.