“100-200 მეტრის გავლა არ უნდათ ფეხით ადამიანებს, ყველა ავტომობილით გადაადგილდება”, – ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “საქმე” გასულ წელს ბაკურიანში არსებულ საცობების პრობლემასთან დაკავშირებით “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა” ეკა ორჯინიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ კუთხით მოქალაქეების დახმარების გარეშე, მხოლოდ რომელიმე სახელმწიფო უწყებას კურორტზე პიკური სეზონის მართვა გაუჭირდება.
როგორც “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს” ხელმძღვანელმა გადაცემაში აღნიშნა, პიკური სეზონი 28 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდია, რა დროსაც ვიზიტორების დიდ ნაკადთან გამკლავება ყველაზე მეტად რთულდება.
“გასული წლის სეზონზე ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დავდექით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გამოიწვია იმანაც, რომ ნაკადი იყო ძალიან დიდი. სადღაც 50 000-55 000 ვიზიტორი სტუმრობდა სეზონზე კურორტს. მოგეხსენებათ, ბაკურიანი არ არის ამ რაოდენობაზე გათვლილი და ამ დიდმა ნაკადმა, რა თქმა უნდა, სერვისების შეფერხება გამოიწვია. ჩვენი მხრიდან მზაობა არის, რომ მეტნაკლებად მოვაწესრიგოთ და გავუმკლავდეთ საცობებს. გამოიძებნა ალტერნატიული გზები ბაკურიანში და ამ გზების მოწესრიგება თითქმის დასასრულს უახლოვდება.
პიკური სეზონი ჩვენთან არის 28 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლთ. შემდგომ უკვე ნაკადი იკლებს და დროულად ხდება ყველა სერვისის მიწოდება. აფთიაქები, მარკეტები, ყველა კვებითი ობიექტი ჩვეულ რეჟიმში უმკლავდება ტურისტებს.
პიკური სეზონია ძალიან რთული. ადამიანებსაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვჭირდება იმიტომ, რომ ელემენტარულად 100-200 მეტრის გავლა არ უნდათ ფეხით. ყველა ავტომობილებით გადაადგილდება. მეც ადგილობრივი ვარ და წლებია ვუყურებ რა ხდება ბაკურიანში. ყველამ თუ არ გავათვითცნობიერეთ ჩვენი ფუნქცია-მოვალეობები, წარმოუდგენელია, მხოლოდ რომელიმე უწყებამ შეძლოს აქ პიკურ სეზონზე კრიზისის მართვა”, – აცხადებს ეკა ორჯონიკიძე.




