ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი, მერი ლოულორი, ეხმაურება საქართველოში მოქალაქეთა დაჯარიმების პრაქტიკას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო. მისი შეფასებით, კანონი, რომლითაც „ქართული ოცნება“ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, მიზანმიმართულად არის მიღებული ხელისუფლების კრიტიკოსთა გასაჩუმებლად.
„ძალიან შემაშფოთა იმის გაგებამ, რომ გასულ კვირას რამდენიმე უფლებადამცველმა და სხვა პირებმა მიიღეს სასამართლოსგან უწყება, რომ უნდა განიხილონ მმართველი „ქართული ოცნების“ შესახებ მათ მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტები. მათ შორის არის ბაია პატარაია — ქალთა უფლებების დამცველი და ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორი.
[…] 6 თებერვალს მიღებული ახალი კანონის გამოყენება ამდენი ადამიანის უფლებათა დამცველის, ჟურნალისტისა და სხვა პირების წინააღმდეგ შემაშფოთებელია და ის გამოიყენება ხელისუფლების კრიტიკოსების გასაჩუმებლად“, — წერს ლოულორი.
გაეროს მომხსენებლის განცხადებით, ის დააკვირდება ამ პრაქტიკის განვითარებას და მომდევნო სასამართლო პროცესებსაც.
