„გამოინახა გზა – კომპანიებს ექნებათ დრო, რომ ცვლილებებისთვის მოემზადონ“ – CIT Georgia „თეთრ სიებზე“

„გამოინახა გზა, რომ გარდამავალი ეტაპი შემოიღონ“, – ამის შესახებ Caucasian Infrastructure Technology Georgia-ს დირექტორმა, ტიტე ჯიშიაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „თეთრ სიებთან“ დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის მინისტრთან გამართულ შეხვედრებზე ბიზნესის ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ „ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ განვითარებას“, თუმცა გამონახა გარდამავალი ეტაპი, რაც ბიზნესს გადაწყობის საშუალებას მისცემს.
„ძალიან კარგი პრაქტიკაა, რაც დღევანდელი მინისტრის პირობებში ხდება და ეს აქამდე არ ხდებოდა. ვგულისხმობ იმას, რომ ხდება ბიზნესთან კომუნიკაცია. „თეთრ სიებთან“ დაკავშირებულ შეხვედრებზე ბიზნესის წარმომადგენლები აფიქსირებენ როგორც დადებით, ასევე უარყოფითს განწყობას. გამოითქვა მოსაზრება, რომ გარკვეული კომპანიები ვერ შეძლებდნენ ფიზიკურად განვითარებას, თუმცა, საბოლო ჯამში, გამოინახა გზა, რომ გარდამავალი ეტაპი შემოიღონ და ნელ-ნელა მოხდეს ცვლილება. შესაბამისად, კომპანიებსაც ექნებათ დრო, რომ ცვლილებებისთვის მოემზადონ“, – განაცხადა ტიტე ჯიშიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, მთავრობა ე.წ „თეთრი სიებთან“ დაკავშირებით ცვლილებას გეგმავს. თავდაპირველად მთავრობა აღნიშნული სიების გაუქმებას გეგმავდა, თუმცა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ „თეთრი სიები“ აღარ გაუქმდება და მისი ფორმირება მოხდება.
უფრო დეტალურად, ახალი მოდელის თანახმად: „თეთრი სიის“ შემთხვევაში, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია განისაზღვრება 60%-ით, 2027 წელს – 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით; 2029 წლიდან კი ამოქმედდება ახალი მოდელი, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები მოხვდებიან „თეთრ სიაში“ და ისარგებლებენ შესაბამისი პრეფერენციებით.