ლოზანის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის (EPFL) შვეიცარიელმა მკვლევარებმა შექმნეს მიკროჩიპი, რომელიც აზრებს ტექსტად მაღალი სიზუსტით გარდაქმნის და ამისთვის ძალიან ცოტა ენერგიას მოიხმარს.
ეს მეტად მცირე ზომის ჩიპი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე კვადრატული მილიმეტრია, არის მინიატურული ტვინი – კომპიუტერის ინტერფეისი (MiBCI), რომელიც EPFL-ის კვლევითმა ჯგუფმა გამოიგონა. მისი შექმნის პროცესი ჟურნალ IEEE Journal of Solid-State Circuits-შია აღწერილი.
როგორც ლოზანის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის პრეს-რელიზშია ნათქვამი, მთავარი ინოვაცია ჩიპის მინიატურულობაში მდგომარეობს. როგორც წესი, ასეთი სისტემები „უხეში, ენერგო-ინტენსიური და პრაქტიკულ გამოყენებაში მოუხერხებელია“. მათგან განსხვავებით, MiBCI წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას „ინტელექტუალური მანქანის“ ინტერფეისების სფეროში. ჩიპი ადამიანის ტვინის აქტივობის 31 სიმბოლოს 91,3% სიზუსტით თარგმნის, რაც მნიშვნელოვნად უკეთესია, ვიდრე მსგავსი ინტერფეისების წინა ვერსიები.
„MiBCI საშუალებას იძლევა, რთული ნეირონული აქტივობა წაკითხულ ტექსტად მაღალი სიზუსტით და მცირე ენერგიის მოხმარებით გარდავსახოთ. ეს მიღწევა გვაახლოებს პრაქტიკულ იმპლანტირებად გადაწყვეტილებებთან, რომლებსაც შეუძლიათ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ მძიმე მოტორული დეფიციტის მქონე ადამიანების კომუნიკაციის უნარი“, – ამბობს EPFL-ის ინტეგრირებული ნეიროტექნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მაჰსა შოარანი.
ეს ინოვაცია შეიძლება სასარგებლო იყოს ისეთი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, როგორიცაა ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი, ჩაკეტილი ადამიანის სინდრომი ან ზურგის ტვინის დაზიანება – ყველა ამ შემთხვევაში სერიოზულ მოტორულ დარღვევასთან გვაქვს საქმე.
წტარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი