დღეს, 17 თებერვალს, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ჯილდო შვიდ ნომინაციაში გაიცა:
· საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში — სალომე ჩადუნელი, „რადიო თავისუფლება“;
· საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში — მარიამ ნიკურაძე და დავით თამაზაშვილი, „ჩაიხანა“;
· საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში — თამარ გელაშვილი, „სტუდია მონიტორი“;
· საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში — გიორგი ბასხაჯაური, „აპრილი“;
· ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო — დათო ქორიძე, „რადიო თავისუფლება“;
· საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში — თამარ მჭედლიძე, OC Media;
· ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში — მაია მეცხვარიაშვილი, „სტუდია მონიტორი“.
გამოვლინდა სხვა ავტორებიც, რომელთაც ჟიურისგან „საგანგებო აღნიშვნა“ ერგოთ და სერტიფიკატები გადაეცათ. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო.
ნეტგაზეთი ულოცავს კოლეგებს გამარჯვებას.
გამარჯვებულები ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დაასახელა, რომელმაც შესავალ სიტყვაში „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, რეჟიმის ტყვეობაში მყოფი, მზია ამაღლობელის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, როგორც ჟურნალისტების გამბედაობისა და სამართლიანობისთვის მებრძოლობის სიმბოლოსი.
„მზია ამაღლობელი იქცა სიმბოლოდ ჟურნალისტური გამბედაობისა და სამართლიანობისთვის თავდაუდებელი ბრძოლის. ის განასახიერებს ყველა უსამართლოდ დაკავებული ადამიანის სულისკვეთებას. ჩვენ ყველა უკიდურესად განვიცდით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და გარწმუნებთ, არ ვწყვეტთ მოთხოვნას, რომ ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ“, — თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
ყველა გამარჯვებული ჟურნალისტი თავის სიტყვაში შეუერთდა მოთხოვნას მზია ამაღლობელის და რეჟიმის სხვა პატიმრების გათავისუფლების შესახებ.
„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2012 წელს ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით დაარსდა და წელს მეცამეტედ გაიმართა. ყოველწლიურად გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომლის შემადგენლობაც ყოველ წელს სხვადასხვაა და სფეროს პროფესიონალებისგან შედგება.
