„გამარჯვების კოალიციის“ ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს

„გამარჯვების კოალიციის“ ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა ედო ჯავახიძემ და „სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართულების ხელმძღვანელმა, შორენა ლობჟანიძემ, „პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების მომზადებისას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებების გათვალისწინების შესახებ“ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.
,,ეთნიკურ-რელიგიური მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მოქალაქეების რელიგიურ-უფლებრივი მდგომარეობა. მორწმუნე ადამიანებისთვის რელიგია ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და მისი დაცვა, სხვა კომპონენტებთან ერთად შესაძლოა გამოხატული იყოს, როგორც რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნაში, ასევე ზოგიერთი საკვების აკრძალვითაც. თითოეულ რელიგიას თავისი ნიუანსები აქვს, რომელთა გათვალისწინებაც სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა“, – აცხადებს ედო ჯაფარიძე.
,,ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მაღალი სტანდარტების დადგენასა და დაცვას. ეროვნულ კანონმდებლობაში პატიმართა კვების რაციონის სპეციფიკურ საჭიროებებზე მითითება გვხვდება მხოლოდ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში. სამწუხაროდ, დროებითი განთავსების ცენტრებში და პენიტენციურ დაწესებულებებში ამ მოცემულობამდე არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა კვებითი საჭიროებები. პენიტენციურ დაწესებულებებში არ არსებობს ჰალალის და კოშერ-პარევის სერტიფიცირებული პროდუქტები, რომლებითაც უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ ბრალდებულ/მსჯავრდებულები”.- განაცხადა შორენა ლობჟანიძემ.