საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლებში მესამე ადგილზე გასვლის შემდეგ მემარჯვენე პარტია ეროვნული ერთობის ლიდერებს, მარინ ლე პენსა და ჟორდან ბარდელას მომავალი არჩევნების იმედი აქვთ. ორივე მათგანი ამბობს, რომ დღევანდელი შედეგები სამომავლო გამარჯვების საწინდარი იქნება.
“ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაავადეს… ვხედავ ხვალინდელი გამარჯვების საძირკველს დღევანდელ შედეგებში.” – თქვა მარინ ლე პენმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
სიტყვით გამოვიდა ეროვნული ერთობის პრეზიდენტიც, ჟორდან ბარდელა, რომელსაც პრემიერმინისტრის პოსტის დაკავებას იმედოვნებდა. მისი თქმით, “არაბუნებრივმა” და “უღირსმა ალიანსმა” ფრანგ ხალხს ეროვნული ერთობის გამარჯვება წაართვა.
“ამაღამ, ამ ალიანსებმა საფრანგეთი რადიკალი მემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონის ხელში ჩააგდეს.” – თქვა ბარდელამ.
მან დაამატა, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანას “გაურკვევლობისკენ და არასტაბილურობისკენ” უბიძგა.
ბარდელამ ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი შედეგები “ეროვნული ერთობისთვის” მნიშვნელოვანი წინსვლაა და თქვა, რომ ეს “ხვალინდელი გამარჯვების ქვაკუთხედია”.
7 ივლისს ჩატარებული მეორე ტურის ეგზიტპოლების წინასწარი შედეგებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გადის მემარცხენეთა ალიანსი – “ახალი სახალხო ფრონტი”, მეორე ადგილს დაიკავებს მაკრონის კოალიცია, სავარაუდოდ, 150-170 ადგილით, ხოლო მესამე ადგილზე მარინ ლე პენის “ეროვნული ერთობა” გავა, 132-152 ადგილით.
საფრანგეთის პრემიერი, გაბრიელ ატალი სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ პრეზიდენტ მაკრონს გადადგომასთან დაკავშირებით წერილს გაუგზავნის. თავად პრეზიდენტი ამ დრომდე კომენტარისგან თავს იკავებს. მისი ადმინისტრაციის განცხადებით, ის საბოლოო შედეგებს ელის.
რაც შეეხება მემარცხენეების ალიანსს, ისინი უკვე გამარჯვებას აღნიშნავენ. ახალი სახალხო ფრონტის უდიდესი პარტიის, ქედმოუხრელი საფრანგეთის ულტრამემარცხენე ლიდერი, ჟან-ლუკ მელანშონი მაკრონს მოუწოდებდა, რომ დამარცხება ეღიარებინა.
6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფრაქცია Besoin d’Europe-ის დამარცხებისა და მარინ ლე პენის ეროვნული ერთობის გამარჯვების შემდეგ მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაშალა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. პირველი ტურის პირველ ადგილზე მარინ ლე პენის ეროვნული ერთობა გავიდა.