„გამაოგნებელია, რომ ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა“ — პრეზიდენტი ყვარელში

საქართველოს პრეზიდენტი „ყვარლის ევროკლუბის” დაარსების 4 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და შეხვდა ახალგაზრდებს, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას შეუერთდნენ.
პრეზიდენტი აგროვებს ხელმოწერებს პეტიციისთვის „ჩვენი ხმა ევროპას“, რომელიც ევროპის ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებს.
„მთავრობა, ლიდერები, მოდიან და მიდიან, მაგრამ რჩება საზოგადოება. საზოგადოება თუ თავის თავში დარწმუნებულია, თუ იცის, რეალურად როგორი მომავალი უნდა, რა უნდა თავისი შვილებისთვის, მაშინ მიაღწევს თავისას“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ -ის ელჩის საქართველოში რობერტ დანიგანი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და სხვა.
„თქვენგან გავიგეთ, რომ თურმე ყვარელში ბიბლიოთეკაც არ არის, რაც ძალიან შემაშფოთებელია. გამაოგნებელია ისიც, რომ დღეს აქ [ღონისძიებაზე] ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა რაღაც სხვადასხვა მიზეზის გამო, როცა ასეთი საზოგადოება თბილისიდან ჩამოვიდა და პატივს სცემს თქვენს წამოწყებას. ეს, პირველ რიგში, ადგილობრივი ინიციატივაა, ახალგაზრდების ინიციატივა, სამოქალაქო ჩართულობაა, რომლის გარეშე არცერთი ქვეყანა, არცერთი სახელმწიფო არ დგას თავის მყარ საფუძვლებზე“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას“ არ არის განკუთვნილი პოლიტიკური მიზნებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ