გალუზინი თამაზ გინტურზე: “მკვლელობა” არაკორექტული ტერმინია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ არაკორექტულად მიაჩნია ტერმინ „მკვლელობის“ გამოყენება თამაზ გინტურის მიმართ. თამაზ გინტურის მკვლელობაზე შეკითხვა მას ჟენევაში დაუსვა საზოგადოებრივმა მაუწყებლმა.
თამაზ გინტური საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 6 ნოემბერს მოკლეს სოფელ კირბალში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან.
„საუბარი არაა იმაზე, რომ ვიღაცამ განზრახ მოკლა ადამიანი. საუბარი იმაზეა, რომ არა მხოლოდ ამ ადამიანმა, არამედ სხვებმაც უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი. ამასთან ისინი არცთუ სრულად ადეკვატურ მდგომარეობაში, ნაჯახით ცდილობდნენ ტაძარში შეღწევას და როცა მათ წესრიგისკენ მოუწოდეს, ამ ნაჯახით დაუწყეს ჩვენს მესაზღვრეებს მუქარა. ინსტრუქციასთან სრულ შესაბამისობაში, არა მხოლოდ ჩვენს, (არამედ) ნებისმიერ სასაზღვრო სამსახურში მოქმედი მითითებების სრული დაცვით, ამ ადამიანებს მიეთითათ ამ ქმედებების უკანონო ხასიათზე, მათ მოუწოდეს, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედებები. ამის ნაცვლად, ეს ადამიანები ჩვენი მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრებოდნენ. ცდილობდნენ მათთვის ავტომობილის დაჯახებას, რომლითაც ამ ადამიანებმა უკანონოდ გადაკვეთეს საზღვარი, რის შემდეგაც თავდაპირველად გაიხსნა გამაფრთხილებელი ცეცხლი ჰაერში, წესისამებრ, და შემდეგ ავტომობილის საბურავებში“, – განაცხადა ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
კითხვაზე, დაისჯებიან თუ არა მკვლელობისთვის რუსი სამხედროები, გალუზინმა თქვა: “რისთვის უნდა დაისაჯონ მესაზღვრეები, თუ მათთვის არსებული ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედებდნენ? და ასე მოქმედებს ნებისმიერი სასაზღვრო სამსახური“.
გალუზინმა მიუთითა ასევე საქართველოს მიერ „სა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების“ წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის მიღების აუცილებლობაზე.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიების 59-ე რაუნდის შედეგების თაობაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ“.
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას 58 წლის თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრეს, მასთან ერთად მყოფი 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობიდან 9 ნოემბერს გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი მედიასთან მოჰყვა სოფელ კირბალის მიმდებარედ, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან მომხდარის შესახებ.
მისი თქმით, გამაფრთხილებელი და საბურავებში სროლის გარდა, რუსი სამხედრო მათ ავტომობილს დამიზნებით ესროდა, რა დროსაც თამაზ გინტურს სასიკვდილო ტყვია მოხვდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
გამოძიება გრძელდება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის ექსპერტიზის პასუხები.
თამაზ გინტურის ძმამ, გივი (ნიკოლოზ) გინტურმა თქვა, რომ იცის მკვლელის ვინაობა. მისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით იგი აღნიშნავდა, რომ თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრა რუსმა ე.წ. მესაზღვრემ.
თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი აქვს, პროკურატურამ დაღუპულის უფლებამონაცვლედ ცნო მისი შვილი დიმა გინტური.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის მორიგი აქტი უწოდა.
ევროპარლამენტმა 23 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია თამაზ გინტურის მკვლელობაზე. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, მოითხოვენ საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯასა და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას. ევროპელი დეპუტატები კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

ასევე დაგაინტერესებთ