გალიდან მოსახლეობის გადინების მხრივ მძიმე მდგომარეობაა – დე ფაქტო ადმინისტრაცია

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ ფილიამ ოკუპირებული ს ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან, შეხვედრაზე განაცხადა, რომ მძიმე მდგომარეობაა მოსახლეობის გადინების თვალსაზრისით.
ფილიას თქმით, 2011 წლის აღწერით, გალის რაიონში 30 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 23 ათასი – სოფლებში. მისი თქმით, 2024 წელს აღწერის ჩასატარებლად „ხელისუფლება“ მზად არაა.
ფილიას სიტყვებით, გალის რაიონში 2023 წელს 137 ბავშვი დაიბადა, თუმცა ოფიციალურად 59-ის დაბადების მოწმობა გაიცა.
„ბავშვები სამშობიარო სახლში იბადებიან, თუმცა რეესტრს დაბადების მოწმობის გაცემა არ შეუძლია, ვინაიდან მშობლებს დოკუმენტები არ აქვთ“, – თქვა მან.
ფილიას სიტყვებით, მოსახლეობის გადინება 2015 წლიდან დაიწყო, რაც „მოსახლეობისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან“, “დოკუმენტებთან დაკავშირებულ სირთულეებთან“ არის დაკავშირებული. ის ირწმუნება, რომ „ტენდენცია შეჩერებულია“, მაგრამ „მოქალაქეობის მიღების პერსპექტივების არქონის“ გამო ბავშვები „სხვადასხვა ქვეყნებში“ მიდიან.
ფილია ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ „კანონს“ ახსენებს, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა. საუბარია „სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ კანონში“ ცვლილებზე, რომელიც „აფხაზური ეროვნების აღდგენას“ გულისხმობს.
„იუსტიციის სამინისტრო ამზადებს კანონქვემდებარე აქტებსა და ინსტრუქციებს. უახლოეს პერიოდში, ორი კვირის განმავლობაში დაგვპირდნენ, რომ ჩაეშვება. ვნახოთ, როგორ ამოქმედდება ეს პროცედურა“, – დასძინა მან.
ფილიას სიტყვებით, გალელები რეგისტრაციას არ აუქმებენ, „უბრალოდ ხალხი მიდის“. მას სოფელ თაგილონის მაგალითი მოჰყავს, სადაც, მისი სიტყვებით, 380 სახლიდან 51 დაიცალა.
ფილია ამბობს, რომ ენგურის ხიდს ყოველდღიურად 2.5 ათასი ადამიანი კვეთს. რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გალის რაიონში არ ცხოვრობენ, „ისინი მხოლოდ ვიზით შემოდიან, მხოლოდ სპეციალური დოკუმენტებით“, – ამბობს ფილია.
გალში მცხოვრებ ადამიანებს, დაახლოებით 5000-ს, მხოლოდ ერთი საბუთი, ე.წ. ფორმა №9 აქვს, 1130-ს – „აფხაზური პასპორტი“ და 21 500-ს – „ბინადრობის მოწმობა“. დამოუკიდებელი წყაროებით ეს მონაცემები გადაუმოწმებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – კობახიძემ მაქსიმალურად „იჩალიჩა“ – ყოფილი თანამდებობის პირი კუშნერის მეშვეობით ცდილობს გასვლას, რათა ტრამპთან ურთიერთობა დააფიქსირონ, მან კი თავიდან მოიშორა, ტრამპიც არ ხვდებათ