„გალა არის სამყარო, სადაც ყოველთვის ახალს იპოვი, რომელიც გაბედნიერებს, იმიტომ, რომ ხარ ქართველი და გყავდა გალაკტიონი“ – პოეტის აქამდე უცნობი ისტორიები

„არც სტუმრებმა და არც მასპინძლებმა არ იცოდნენ, რომ თვით უკვდავება დააბიჯებდა ფარცხნალის დალოცვილ მიწაზე. აქედან იწყება, სრულიად სხვა გალაკტიონი.
დიმიტრი ხარაძის საცხოვრებელ სახლში დააბიჯებდა ღრმა ფიქრებში წასული პოეტი და უსასრულოდ ჰყვებოდა ბუნების მშვენიერებასა და მარადიულობაზე…”- იზა ვეფხვაძე.
17 ნო­ემ­ბერს, გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­ტის გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის და­ბა­დე­ბის დღეა. გალაკტიონი, 1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში დაიბადა. მამის მხრიდან, პოეტის წინაპრები მღვდელმსახურები იყვნენ.
პოეტის მამა, ვასილ ტაბიძე, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ყოფილა. იგი 1891 წელს, გალაკტიონის დაბადებამდე რვა თვით ადრე, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა.
მწიგნობრული ტრადიციების მქონე ოჯახში დაბადებული პოეტი, წიგნის სიყვარულით იზრდებოდა. რვა წლის ასაკში, დედას იგი ქუთაისში წაუყვანია და დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ სკოლაში შეუყვანია.
შემდგომ გალაკტიონმა სწავლა, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა. 1910 წელს გ. ტაბიძე თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა. აქვე შეუდგა, ხელნაწერი ჟურნალის – „შუქი“ გამოცემას.
გალაკტიონმა სემინარია მალევე მიატოვა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა სოფელ ფარცხნალის სამრევლო სკოლაში.
რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე, გალაკტიონის სოფელ ფარცხნალში გატარებულ ერთწლიან პერიოდს, საკუთარ წიგნებში და მის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში აღწერს.
„შესაძლებელია, ფარცხნალში გატარებული ერთი წელი გალაკტიონის ცხოვრებიდან ვინმესთვის ზღვაში წვეთია, ჩვენთვის, ხარაგაულისთვის კი, მთელი საუკუნე.
ფილმი აგებულია დოკუმენტებზე, რომელიც ლიტერატურის მუზეუმში და ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში მოვიძიე, ფილმში მოთხრობილია სრული ჭეშმარიტება და მთლიანად დოკუმენტური ხასიათისაა. დოკუმენტური ფილმის გადაღება, ეს იყო მცდელობა, კიდევ ერთხელ გაცოცხლებულიყო და ისტორიას ცხადად შემორჩენოდა, ყველა ის მოგონება, რეალობა, თუ მითი, რაც გალაკტიონის ხარაგაულთან აკავშირებს.“ – ამბობს რეჟისორი.
ხარაგაულის რ. თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი, მსახიობი და რეჟისორი იზა ვეფხვაძე, „პრაიმტაიმს“ იმ მნიშვნელოვან და საინტერესო პერიოდზე ესაუბრება, რომელიც პოეტმა სოფელ ფარცხალში პედაგოგად მუშაობის დროს გაატარა:
გალაკტიონის სოფ. ფარცხნალში (ხარაგაულის რ -ნი) მოღვაწეობის შესახებ, ორი წიგნი გამოვუშვი და დოკუმენტური ფილმი გადავიღე. უნიკალური მასალები მაქვს, რომელიც ჩემ ერთ-ერთ წიგნში – „ფარცხნალი – კორიფეთა სამკვიდრო“ გადმოვეცი, სადაც ამ სოფელზე უამრავი მასალებია, მათ შორის, გალაკტიონის პედაგოგად მოღვაწეობის შესახებ.
ორი წლის წინ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალში, ჩემი წიგნის – „გალაკტიონის ნატერფალებზე“ პრეზენტაცია და ამავე სახელწოდების ფილმის პრემიერა გაიმართა.
წიგნში, დოკუმენტურად არის აღწერილი, გალაკტიონის სოფელ ფარცხნალში ჩამოსვლის და მისი შემოქმედების დეტალები, ლექსები, რომლები იქ ცხოვრების პერიოდში დაწერა. თითქმის 80 -მდე ლექსია დაწერილი.
ჩემი პირველი წიგნი – „ფარცხნალი – კორიფეთა სამკვიდრო“. ბ -ნ ნოდარ ტაბიძის სიცოცხლეში, მისი თანადგომით და მარდაჭერით გამოვეცი, პირველად, სწორედ მას წავაკითხე. მთხოვა, რომ ამ თემაზე, კიდევ გამეგრძელებინა კვლევა, მომეძებნა ლექსები, რომელიც ფარცხნალში მოღვაწეობის პერიოდში დაიწერა.
– 1910 წელს გ. ტაბიძე თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, რომელიც მალევე მიატოვა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, სოფელ ფარცხნალის სამრევლო სკოლაში. მოგვიყევით, ამ პერიოდის შესახებ…
ერთი წლის განმავლობაში ასწავლიდა გალაკტიონი სოფელ ფარცხნალის სკოლაში. ამის შესახებ, ბევრმა არ იცის. გალაკტიონის მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ჩვენთვის, ვინც გალაკტიონის ცხოვრებას ვიკვლევთ, ყველაზე უცნობი პერიოდი, სწორედ, ეს წლები იყოო.
როცა მე ბ -ნ ნოდარ ტაბიძეს (მწერალი და პუბლიცისტი – გალაკტიონის ძმის შვილი) ჩემი მასალები მივუტანე, მითხრა, ამ მასალებით, უდიდეს სიტყვას იტყვი, რადგან ვისაც ჰგონია რომ გალაკტიონი კარგად იცის, მიხვდება, რომ ასე არ არის.
გალაკტიონის ცხოვრების ეს ერთი წელი, თითქმის არავინ იცის, ჩათვალეთ, რომ ამ მასალებით, ბევრ ადამიანს, დიდ სიახლეებს გავაცნობთო. ჩემი მეორე წიგნი – „გალაკტიონის ნატერფალებზე“, თითქმის 100 გვერდიანია, რომელიც ამ პერიოდის, უფრო მეტ მასალას მოიცავს.
– ვინ გაწვდიდათ პოეტის შემოქმედებაზე ინფორმაციას?
ძალიან ბევრი საინტერესო მასალაა ამ წიგნში. მის შესახებ, ადგილობრივი მოსახლეობა მიყვებოდა. როცა პირველი წიგნი „ ყველაფერი ხარაგაულზე“ გამოვეცი, იმ პერიოდში, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ორი ადამიანი, რომლები გალაკტიონის მოსწავლეები იყვნენ.
ერთ-ერთი იყო ერმალოზ ბუაჩიძე, რომელმაც საინტერესო მასალები მომაწოდა. 600 -გვერდიან წიგნზე, თითქმის 15 წელი ვიმუშავე, სადაც ასევე აღწერილია, გალაკტიონის პედაგოგიური მოღვაწეობა სოფ. ფარცხნალში.
ბ- ნი ერმალოზი იხსენებდა, რომ ფარცხნალის სკოლის შენობა, სოფლის ცენტრში მდებარე, კრამიტით გადახურული პატარა ქოხი იყო, სადაც მერხის და სკამის ნაცვლად, დიდი და პატარა ხის ჯირკები იდგა.
გალაკტიონის მოსწავლე იხსენებს, რომ ცაცხვის ხე, რომელიც სკოლასთან დღემდე დგას, ერმილემ და გალაკტიონმა დარგეს – ეკლესიის ეზოში იდგა, ქარმა ძირფესვიანად მოგლიჯა. გალაკტიონმა სასწრაფოდ ნიჩაბი მოატანინა და სკოლის წინ, თავის ხელით დარგო. მას მერე სულ რწყავდა და უვლიდა.
სწორედ პედაგოგობის პერიოდში აქვს დაწერილი ლექსი მასწავლებელზე – „ხალხო ბედკრულო! მე მიჭირავს ხელში სანთელი, არ შეუკრთება საშინელ ხვედრს მასწავლებელი!“(პირველი ენკენისთვე – გ. ტაბიძე). იმ პერიოდში, ძირითადად, ბუნებაზე წერდა:
„ველთა შორის გამოისმა ხმაურობა მშვიდი, წყნარი
და ყვავილებს ზედ აკვდება მონავარდე, ცელქი ქარი“…
– შეყვარებული იყო ახალგაზრდა გალაკტიონი?
როგორც ვიცი, ქუთაისელ ლამაზმანზე, რაისა ჩიხრაძეზე იყო შეყვარებული. წიგნში შეტანილია, ფარცხნალიდან ქუთაისში გაგზავნილი სასიყვარულო წერილები, რომელიც არქივის მასალებიდან მოვიძიე.
როგორც წერილებიდან ირკვევა, გალაკტიონს არ აკმაყოფილებდა პედაგოგის ხვედრი. წუხდა, ამ მიყრუებულ სოფელში, ვერ ვპოულობ ადამიანს, ვისაც ჩემ გულისთქმას გავუზიარებო.
ხარაძის ქალი ჰყვარებია, მაგრამ ქალიშვილის მამას უარი უთქვამს, ფარცხნალში იხსენებენ, სიძედ დაიწუნაო. სამწუხაროდ, ამ ქალბატონის სახელი უცნობია, ვერავინ იხსენებს.
ამბობენ, გალაკტიონმა ხარაძეების უბანი, იმიტომ აირჩია საცხოვრებლად, რომ ძალიან ლამაზი გოგონები ცხოვრობდნენო. ახალგაზრდა მასწავლებელს, ბევრი ქალი ეტრფოდა. მისთვის რომ თავი მოეწონებიათ, წყაროზე მთელი დღე სარეცხს რეცხავდნენ. სოფელში ამბობდნენ, გალაკტიონმა, ხარაძის და ბუაჩიძეების გოგონებს, რეცხვა ასწავლაო.
გალაკტიონი, რეზო თაბუკაშვილის ბაბუასთან, ტრიფონ თაბუკაშვილთან მეგობრობდა, რომელიც იმ დროს, ხონის სემინარიის პედაგოგი იყო. ორივე პედაგოგი იყო.
ერთი სასწავლო წელი დარჩა გალაკტიონი ხარაგაულში. როგორ ირკვევა, დიდად არ იხიბლებოდა პედაგოგობით, წუხდა, ჩემმა ბედმა ამ მიყრუებულ სოფელში გადმომისროლა, სადაც ჩემ გულის ნადებს, ვერავის ვერ ვეუბნები, ძნელია ჩემთვის ეს ხვედრიო. ფარცხნალში დიდხანს ვერ გაძლო და ერთი წლის შემდეგ, თბილისში გადავიდა საცხოვრებლად.
მისი პედაგოგობის პერიოდში, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფარცხნალში რომ ჩავიდა, ძალიან უჭირდა, უღარიბესი იყო. მანამდე არასდროს კაპიკი არ ჰქონია, იძულებული გახდა სოფლის მასწავლებელი გამხდარიყო.
პირველი ხელფასი, ხარაგაულში აიღო. სწორედ აქ იგრძნო პირველად, რომ ჯიბეში ფული გაუჩნდა. ამბობდა, ჩემ ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა ფული და მდიდრულად ვხარჯავო. გარდა ამისა, გალაკტიონი, პირველად გახდა დაფასებული ადამიანი. წარმოიდგინეთ, იმ დროს, სოფლის პედაგოგი, რამდენად დაფასებული იქნებოდა იმერეთში.
კარგია თუ ცუდი, არ ვიცი, მაგრამ ალბათ კარგია, რადგან გალაკტიონი, სხვაგვარად გალაკტიონი ვერ იქნებოდა – პირველად ბახუსი ფარცხნალში იგემა, აქ შეიყვარა ღვინო.
ამას დანამდვილებით გეუბნებით, ახალგაზრდა ბიჭი იყო, ვინ დაალევინებდა, არც ფული ჰქონდა. მოვიდა ხარაგაულში და წარმოიდგინეთ, იმერეთში მოწვეულ პედაგოგს, ყველა ოჯახი რამდენად დიდ პატივს სცემდა.
ხშირად ეპატიჟებოდნენ და თითქმის ყოველ დღე უწევდა სუფრაზე ყოფნა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ პირველად, სწორედ ფარცხნალში შეიყვარა ღვინო და ალბათ, პირველი ბახუსიც იმერეთში იგემა.
ერთხელ სემინარიის მეგობართან ერთად, სახლში ნასვამი ბრუნდებოდა, მდინარეზე ხიდი იყო გადებული, ფეხი გადაუბრუნდა და ორივე წყალში გადავარდა. თავად წერდა, რომ ისე გავცივდი, ძლივს გადავურჩი ფილტვების ანთებასო. .
რაც შეეხება, ფარცხნალში დაწერილ ლექსებს, საკმაოდ ბევრი დრო ჰქონდა და სემინარიის შემდეგ, დაახლოებით 100 -მდე შედევრი შექმნა.
ლექსებს ძირითადად, ბუნებაზე წერდა, არც ერთი არ არის პესიმისტური. ცოტა სევდიანია, მაგრამ ეს ბუნებრივიც არის, რადგან ერთი პატარა სოფელი, ფაქტია, რომ მისთვის სევდის მომგვრელი იქნებოდა.
– ოჯახი, სადაც გალაკტიონი ცხოვრობდა…
დიმიტრი ხარაძის ოჯახმა, სადაც გალაკტიონი ცხოვრობდა, წარმოუდგენელი სიკეთე გაუკეთა. სასწაულად დაემთხვა, რომ დღეს, მარელისის სკოლა, ექსკურსიაზე წავიდა ფარცხნალში, ხარაძეების ოჯახში, სადაც ერთ-ერთ ოთახში დღემდე გალაკტიონის მუზეუმია.
დაახლოებით 20 წლის წინ, როცა ხარაძეების ოჯახში წავედი, რომ გალაკტიონის მუზეუმის გახსნა მეთხოვა, ძალიან ვინერვიულე, ვფიქრობდი, უარს მეტყოდნენ. მაგრამ საბედნიეროდ, ბ-ნი ელგუჯა ხარაძის შესანიშნავი ოჯახი, სიყვარულით და სიხარულით შეხვდა ჩემ შეთავაზებას.
დღემდე დაცულია ეს ოთახი, დღე-ღამის განმავლობაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მასპინძლობენ და იღებენ ტურისტებს.
ზოგჯერ, დღეში რამდენჯერმე უწევთ სტუმრების მიღება, რომელიც არც ისე ადვილია. ეს ოჯახი, ამ ყველაფერს უდიდესი სიყვარულით აკეთებს, ინახავენ იმ სკამს და საწოლს, რომელსაც გალაკტიონი იყენებდა. უდიდესი მადლიერი ვარ ამ ოჯახის, დიდებული ოჯახი, შესანიშნავი ადამიანებით.
– მას მერე, ფარცხნალში აღარ ჩასულა?
როგორც ვიცი, ოცნებობდა იქ ჩასვლაზე, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხა. ლექსი ხარაგაულზე, სწორედ მისმა მონატრებამ დააწერინა – „მახსოვს ხარაგაულის სევდიანი სადგური, მისი ყრუ სამკაული, აცვივნული აგური, უშფოთველი ცხოვრება, წყნარი, როგორც გუგული, მესმის მოახლოებულ ორთქმავალის გუგუნი”.
– უამრავი კვლევა და ინფორმაცია გაქვთ გალაკტიონზე, როგორ დაახასიათებდით…
გალაკტიონი იყო ბუმბერაზი ადამიანი, გენია, ამიტომ რთულია ამ საკითზე საუბარი, ძალიან მიჭირს ჩემნაირი მოკვდავისგან მისი დახასიათება. ჩემთვის გალაკტიონი ამოუცნობი სამყაროა.
ასი წელი რომ ვიცოცხლო, ვერასდროს ამოვიცნობ, ბედნიერი ვარ, რომ ჩემთვის არის სამყარო, სადაც მუდმივად შემიძლია ჩავიძირო გალაკტიონის სამყაროში – სევდის დროს სევდიანად ვიგრძნო თავი, სიხარულის დროს გახარებული და მეგულებოდეს ის სიღრმე, სადაც ყოველთვის ახალს ვიპოვი.
ისეთს, სადაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში მოკვდავი ვერ იპოვის. გალაკტიონი არის სამყარო, სადაც ყოველთვის ახალს იპოვი, რომელიც გაგაბედნიერებს, უპირველესად იმიტომ, რომ ხარ ქართველი და გყავდა გალაკტიონი. მით უფრო, რომ ხარ ხარაგაულელი, საიდანაც გალაკტიონმა ფეხი აიდგა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი გალა დაიწყო ხარაგაულიდან.
უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც, რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქნილობა შესძინა.
გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 2000 წლის ივნისში საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გალაკტიონს თვითმკვლელობის ცოდვა შეუნდო, როგორც საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვის ლოგიკური შედეგი. მისი საფლავი, თავად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.