ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი Ipn-სთვის მიცემულ ინგერვიუში აცხადებს, რომ გაკვირვებულია იმით, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ირანში ებრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ:
„ებრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იყო ორი ადამიანი, რომლებსაც ბევრი სისხლი აქვთ ხელებზე. ეს ორი პიროვნება, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ ისინი, ვინც აყალიბებდნენ, იმუშავებდნენ პოლიტიკას და აარსებდნენ, ქმნიდნენ, აფინანსებდნენ, აღჭურავდნენ, წვრთნიდნენ სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებს მთელ ახლო აღმოსავლეთში. როგორც „ჰამასის“ მფარველებს, მათ ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ გენოციდის აქტებზე, რადგან მათ აღჭურვეს „ჰამასი“ იარაღით და ასწავლის მათი გამოყენება. რაისის მეტსახელი თეირანში მისი ე.წ. ხალხის მიერ არის “ყასაბი თეირანიდან”. ეს ის კაცია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება გამოგვრჩეს ირანის წარსული მცდელობები, განეხორციელებინა ტერაქტები საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვნახეთ ეს დაკრძალვა, ვნახეთ ვინ დაესწრო მას, ვნახეთ „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები. გამიკვირდა, რომ ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს გასაკვირი იყო”, – განაცხადა ელჩმა.
ამავე ინტერვიუში ელჩი საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც აფასებს და ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარი პოზიცია არჩევნებზე უნდა დააფიქსიროს. მისი თქმით, თუ საზოგადოებას რამის შეცვლა სურს, ამ ცვლილებას უნდა მისცეს ხმა:
„ვფიქრობ, ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. მე ვფიქრობ, რომ თუ თქვენ გსურთ გავლენა მოახდინოთ თქვენს ქვეყანაზე, თქვენს სახელმწიფოზე, აწმყოსა და მომავალზე, არჩევნებზე ხმის მიცემა ამის გაკეთების ყველაზე კარგი საშუალება. საბოლოო ჯამში, არჩევნები არ არის ერთადერთი რამ, რასაც დემოკრატიული ქვეყანა გულისხმობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დიდწილად, რაც ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნად გვაქცევს, ეს არის არჩევნები, დღე, როდესაც ხალხის ნება ძალიან მკაფიოდ უნდა აისახოს. ვფიქრობ, ჩემი რჩევაა, ხალხმა ხმა მისცეს. თუ რაიმეს შეცვლა გსურთ, მიეცით ხმა. ან თუ გინდა, რომ რაღაც ისე დარჩეს როგორც არის, მიეცით ხმა,“ – განაცხადა ელჩმა.