გაიცანით ფინალისტი სტარტაპერები, რომლებიც სილიკონ ველის საგზურისთვის იბრძოლებენ

სულ მალე, “საქართველოს სტარტაპ სამიტს” უმასპინძლებს – ღონისძიებას, რომელიც აჭარის დედაქალაქში მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ვენჩურულ კაპიტალისტებს, ანგელოზ ინვესტორებს, სტარტაპერებს და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს გააერთიანებს. პანელური დისკუსიების, თემატური განხილვებისა და მრავალფეროვანი არაფორმალური პროგრამის გარდა, “საქართველოს სტარტაპ სამიტის” ფარგლებში “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრებაც გაიმართება, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი სილიკონის ველზე დაფუძნებული ვენჩურული ფონდი, Pegasus Tech Ventures-ია. კონკურსში გამარჯვებული ს დამფუძნებლები კალიფორნიაში გაემგზავრებიან, სადაც $1-მილიონიანი ინვესტიციისთვის იბრძოლებენ.
წლევანდელი “საქართველოს სტარტაპ სამიტი” 20-21 აგვისტოს, ბიზნესის მხარდაჭერით და Startup Connect-ის ორგანიზებით გაიმართება, ხოლო “სტარტაპების მსოფლიო თასის” შეჯიბრებაში თერთმეტი ქართული სტარტაპი ჩაებმება, ესენია: Awork, Arena Games, Biliki AI, CALEN AI, Forma Healthy, Klipy, Lawformer, Ranko, Sidekick, Telagri და Wempler. აღნიშნული კომპანიები სხვადასხვა სექტორს წარმოადგენენ და ბაზარს პრობლემების მრავალმხრივ გადაწყვეტებს სთავაზობენ, ანუ კონკურსი მეტად საინტერესო და კონკურენტული იქნება. თუკი წინა ორი წლის წარმატებულ გამოცდილებას დავეყრდნობით, გამორიცხული არ არის, ეროვნული შეჯიბრების შედეგად შერჩეული სტარტაპი “სტარტაპების მსოფლიო თასის” გამარჯვებული გახდეს.
ამ ბლოგში იმ სტარტაპებს გაგაცნობთ, რომლებიც “სტარტაპების მსოფლიო თასზე” მოსახვედრად და $1-მილიონიანი ინვესტიციის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
Awork — HR-ტექნოლოგიები
Awork-ი ციფრული პლატფორმაა, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს თანამშრომლების მაძიებელ კომპანიებთან აკავშირებს, მაგრამ პროცესში გადაფურცვლის, ე.წ. “სვაიპინგის” მექანიკას იყენებს, რაც HR-პროფესიონალებს შერჩევას უმარტივებს და რეკრუტინგს მეტად სწრაფ და მოქნილ პროცესად აქცევს. Awork-ის პლატფორმა ბაზრის ორივე მხარის ინტერესებზე არის მორგებული: სამსახურის მაძიებლებს პლატფორმა მათ ინტერესებზე და გამოცდილებაზე მორგებულ შეთავაზებებს სთავაზობს, კომპანიების კი – რუტინული პროცესების გაციფრულებას, თანაც “ერთი ფანჯრის” პრინციპით.
Awork-ი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორის, კალიფორნიული 500 Global in Eurasia-ს კურსდამთავრებული და GITA-ს 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტის ბენეფიციარია. როგორც Awork-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი რაზმაძემ ჩვენთან განაცხადა, “საქართველოს სტარტაპ სამიტი” საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ქართულ კომპანიებს სილიკონის ველზე მოხვედრის საშუალებას აძლევს. მისივე თქმით, წელს კომპანიას ფინალურ ეტაპზე გადასვლა შეუძლია.
“ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში სილიკონის ველზე გავემგზავრებით. Awork-ი ამ კონკურსში შარშანაც მონაწილეობდა, ხოლო წელს ფინალურ ეტაპზე გადასვლის და დადებითი უკუკავშირის მიღების მოლოდინი გვაქვს, მათ შორის ინვესტორებისგან, რადგან ბოლო თორმეტ თვეში, კომპანიამ დიდი ზრდა დააფიქსირა. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმის ფაქტორიც, რადგან ასეთი ღონისძიებებით ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების დატვირთულობა იზრდება, რაც საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების წინაპირობაა”, – განაცხადა გიორგი რაზმაძემ.
Arena Games — Web3
Arena Games-ი ქართული ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც ტრადიციული თამაშების დეველოპერებს ვიდეოთამაშების ბლოკჩეინზე ინტეგრაციაში ეხმარება. ამ დროისთვის, პლატფორმაზე რამდენიმე თამაში არის დალისტული, რომელთაც ათი ათასობით მომხმარებელი იყენებს. მზარდი პოპულარობის ფონზე, Arena Games-ი კრიპტოინდუსტრიის კვლევითი ორგანიზაციის, CryptoRank-ის ყველაზე პოპულარული აპლიკაციების სამეულში მოხვდა. Web3-ის სფეროში, Arena Games-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელმაც AIBC-ის ფარგლებში ჩატარებულ სტარტაპ-კონკურსში, GameFi Pitch-ში გაიმარჯვა. ამასთან, Arena Games-ი 500 Global in Eurasia-ს კურსდამთავრებული და GITA-ს 150,000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულიცაა.
Biliki AI — ტურიზმი
ქართული ტექნოლოგიური კომპანია Biliki AI ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც რამდენიმე დღის ტურისტული მარშრუტის გეგმას რამდენიმე წამში აგენერირებს. პლატფორმა მოსანახულებელ ადგილებს და საკვებ დაწესებულებებს გირჩევთ და მდგრადი, ეკომეგობრული სასტუმროების დაჯავშნის საშუალებას გაძლევთ – ყველაფერი ეს კი, Google-ის ხელოვნური ინტელექტის, Gemini-ის დახმარებით ხდება შესაძლებელი. ამ დროისთვის, პლატფორმის საშუალებით მოგზაურები ტურებს 100-ზე მეტი ქვეყნიდან ჯავშნიან. ამასთან, ქართული სტარტაპი Google-ის სტარტაპ-პროგრამის წევრიცაა.
როგორც Biliki AI-ის თანადამფუძნებელმა, თორნიკე ცირამუამ გვითხრა, “საქართველოს სტარტაპ სამიტში” და “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრებაში მონაწილეობა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც კომპანიის ცნობადობის ამაღლებას, ასევე იდეის ვალიდაციას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, რაც, საბოლოო ჯამში, Biliki AI-ის საერთაშორისო გაფართოების წინაპირობა იქნება.
“ეს ღონისძიება წამყვან ინვესტორებთან, ინდუსტრიის ლიდერებთან და ანტრეპრენიორებთან შეხვედრის შესაძლებლობას გვაძლევს. სტარტაპ-კონკურსში ინოვაციურ სტარტაპებთან ერთად მონაწილეობა და ჩვენი პლატფორმის პრესტიჟულ სცენაზე წარდგენა Biliki AI-ის იდეის ვალიდაციას და ცნობადობისა და სანდოობის ზრდას შეუწყობს ხელს, რაც პროდუქტის დახვეწაში და საერთაშორისო ბაზრებზე შესვლაში დაგვეხმარება. სილიკონის ველის ექსპერტებისგან ცოდნის მიღების და პოტენციური პარტნიორობის შესწავლის პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რამაც, შესაძლოა, ჩვენი კომპანიის გლობალური გაფართოება დააჩქაროს. “სტარტაპების მსოფლიო თასზე” საქართველოს სახელით ასპარეზობას კონკურსში მონაწილე თითოეული სტარტაპი თანაბრად იმსახურებს”, – განაცხადა თორნიკე ცირამუამ.
CALEN AI — ხელოვნური ინტელექტი
ქართული ტექნოლოგიური კომპანია CALEN AI ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარება დაიწყო. დღეს, CALEN AI-ის პორტფელში AI-ზე ბაზირებულ ხელოვნურ ინტელექტს ვხვდებით, რომელიც კომპანიებს და მათ მომხმარებლებს ჯავშნების მიღების და სხვადასხვა პროცესების დაგეგმვის საშუალებას აძლევს. როგორც კომპანიაში ამბობენ, CALEN AI-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელი პროცესში მონაწილე სხვადასხვა მხარეს ესაუბრება და განრიგს ათანხმებს, რაც კომპანიებს რუტინული პროცესების გამარტივების და გაციფრულების საშუალებას აძლევს.
Klipy — სოციალური ქსელები
ქართული ტექნოლოგიური კომპანია Klipy – მესიჯების მონეტიზაციის პლატფორმაა, რომელიც სოციალურ ქსელებს და მათ მომხმარებლებს მიმებისა და GIF-ების გამოყენებით შემოსავლის მიღების საშუალებას სთავაზობს. Klipy-ის ბიბლიოთეკა ათ მილიონზე მეტ კატეგორიზებულ და მოდერირებულ GIF-ს, კლიპსა და სტიკერს აერთიანებს, ხოლო თავად კომპანია გლობალურია და ამ დროისთვის საქართველოზე, -ზე, ევროპის ქვეყნებზე, ინდოეთსა და ბანგლადეშზე კონცენტრირდება. მიმდინარე წელს, კომპანიამ განსაკუთრებული ზრდა აჩვენა, რის დასტურად ისიც გამოდგება, რომ Klipy-ის სერვისებს რამდენიმე ათეულ მილიონჯერ გამოიყენეს.
როგორც Klipy-ის თანადამფუძნებელმა, გივი ბერიძემ გვითხრა, “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრებაში მონაწილეობა კომპანიისთვის დიდი შესაძლებლობაა, რომელიც კომპანიას საერთაშორისო ბაზრებზე მასშტაბირების შესაძლებლობას მისცემს. “ველოდებით, რომ ძალიან საინტერესო ხალხს შევხვდებით, რომლებიც ჩვენს იდეებსა და განვლილ გზას შეაფასებენ და კითხვებს დაგვისვამენ. თუ გავიმარჯვეთ და კალიფორნიაში გავემგზავრეთ, გლობალურ ბაზარზე გაფართოების, ახალი ინტეგრაციების დაწყების და პარტნიორების პოვნის საშუალება გვექნება, რაც მომდევნო საინვესტიციო რაუნდებზე დაგვეხმარება”, – განაცხადა გივი ბერიძემ.
Forma Healthy — ჯანმრთელობა
Forma Healthy-ი მობილური აპლიკაციაა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წახალისებას ისახავს მიზნად. აპლიკაცია Apple Health-ის ფუნქციონალს უკავშირდება, რითაც მომხმარებელს საკუთარ ქცევაზე დაკვირვება შეუძლია. პლატფორმა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, მომხმარებლისთვის ოპტიმალურ კვების პროგრამას ადგენს, რაც რაც Forma Healthy-ის პორტფელში არსებულ სხვა ფუნქციონალთან ერთად ადამიანს მავნე ჩვევების დარღვევას და ჯანსაღად ცხოვრებას უმარტივებს.
Lawformer — სამართალი
Lawformer-ი ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ბიზნესის – იურიდიული მომსახურების გაციფრულება განიზრახა. Lawformer-ის AI-პლატფორმის დახმარებით, რომელიც, თავის წილ, იურისტების მიერ შედგენილი დოკუმენტებისგან შემდგარ დიდ ბიბლიოთეკას ეფუძნება, კომპანიებს სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტების გენერირება შეუძლია, რაც ერთი მხრივ, ხარჯებს ამცირებს, ხოლო მეორე მხრივ, კომპანიის რუტინულ პროცესებს აუქმებს და ეფექტიანობას ზრდის.
Ranko — ფინტექი
Ranko საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ციფრული სასესხო პლატფორმაა, რომელიც კრედიტის მიღების მსურველს ერთი განაცხადის პრინციპით რამდენიმე ბანკის სასესხო შეთავაზების მიღების საშუალებას აძლევს, ანუ მომხმარებელს მისთვის საუკეთესო ვარიანტის არჩევა შეუძლია. როგორც Ranko-ში ამბობენ, კომპანიის მიზანია მომხმარებლის დრო დაზოგოს და ბიზნესმოდელი, რომელიც კომპანიამ აირჩია, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. საქართველოს ბაზრის ათვისების პარალელურად, Ranko გაფართოებას ცენტრალური აზიის, ინდოეთისა და ინდონეზიის ბაზრებზე გეგმავს.
Sidekick — ფსიქოლოგია
ქართული კომპანია Sidekick-ი კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის გაციფრულების მიზნით შეიქმნა. Sidekick-ი თამაშის პრინციპზე დაფუძნებული აპლიკაციაა, რომელიც მსგავსი მიზნების მქონე ადამიანებს ერთმანეთს აკავშირებს და დაბრკოლებების ერთობლივად და უფრო მარტივად გადალახვის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, Sidekick-ის მომხმარებელი აპლიკაციისგან მის პიროვნულ თვისებებზე მორგებულ და ქცევითი ექსპერტების მიერ შემუშავებულ რჩევებს იღებს, რაც მას დასახულ მიზნამდე მდგრადად მეთოდურად მისვლის შესაძლებლობას აძლევს.
Telagri — სოფლის მეურნეობა
ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, Telagri-ის მოქმედების არეალი საქართველოსთვის კარგად ნაცნობი სექტორი – სოფლის მეურნეობაა, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიად ჩამოყალიბდა. თუმცა ტექნოლოგიებისა და ფინანსების გარდა, ფერმერებს, ხშირად, სპეციფიკური ცოდნა, გამოცდილება და ნოუჰაუ სჭირდებათ, რომელიც, შესაძლოა, საქართველოში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ არსებობდეს. აი, სწორედ ამ ცოდნის ფერმერებამდე მიტანას ემსახურება Telagri, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ფერმერებს და აგრონომებს ერთმანეთს აკავშირებს. ფერმერისა და აგრონომის კონსულტაცია ონლაინრეჟიმში ხორციელდება, ხოლო მომსახურება საკმაოდ მარტივია.
Wempler — აუთსორსინგი
ქართულმა Wempler-მა საინტერესო მიზანი დაისახა, რომელიც ადამიანების ცხოვრების გამარტივების მიზნით ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას გულისხმობს. Wempler-ი არის აპლიკაცია, რომელიც ორი ტიპის ადამიანს აკავშირებს – იმათ, ვისაც დავალებების შესრულება სჭირდებათ და მზად არიან, ამისთვის თანხა გადაიხადონ და იმათ, ვისაც კონკრეტული სერვისის შესრულებით თანხის გამომუშავება სურთ. Wempler-ის დახმარებით ადამიანს ნებისმიერი დავალების შესრულება შეუძლია, მათ შორის საფეხბურთო თამაშისთვის მეკარის პოვნა, თუთიყუშისთვის საუბრის სწავლება ან საშინაო დავალების შესრულება.
“საქართველოს სტარტაპ სამიტი” და “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრება ბათუმში მესამედ გაიმართება. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ სტარტაპებისთვის, რომლებიც ახალ კავშირებს ამყარებენ და ინვესტორებისგან პროდუქტის შესახებ უკუკავშირს იღებენ, რაც მოტივაციის გაზრდაში და იმპულსის შენარჩუნებაში ეხმარებათ, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის, რომელიც წლებთან ერთად გლობალური სტარტაპ-ეკოსისტემების რუკაზე უფრო და უფრო დიდ და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.