გაიზარდა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და შემცირდა სამუშაო ძალა – IDFI

რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობის მაჩვენებელი? – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი[IDFI] კვლევას ავრცელებს, რომლის მიხედვით, საქართველოს სამუშაო ძალის ბოლო 10 წლის მაჩვენებლების ანალიზი აჩვენებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონის მაჩვენებლების ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება, უმეტესწილად განპირობებულია სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ზრდით, სამუშაო ძალის მაჩვენებლების შემცირებით და სტრუქტურის ცვლილებით, კვაზი დასაქმების სახელმწიფო პროგრამებით, რომელიც გამსჭვალულია სოციალურ-პოლიტიკური მიზნებით და ნაკლებად კავშირშია ჯანსაღ ეკონომიკურ პროცესებთან.
“მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს სახელმწიფო სექტორში ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის არასრული და არაერთგვაროვანი აღრიცხვის პრაქტიკა. აღნიშნული განაპირობებს სხვადასხვა ოფიციალურ მონაცემებს შორის მნიშვნელოვანს განსხვავებებს და შეუძლებელს ხდის სრულფასოვან ანალიზს,” – ვკითხულობთ კვლევაში, რომლის ძირითადი მიგნებებია:
2014-2023 წლებში უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება ძირითადად განპირობებულია სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით (+24%) და სამუშაო ძალის შემცირებით (-2%). კერძო სექტორში (თვითდასაქმებულთა ჩათვლით) დასაქმებულთა ზრდა მხოლოდ 2%-ია. 2014-2023 წლებში კერძო სექტორში ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმებული იყო 2016 წელს (1.022.6 ათასი კაცი), ხოლო ყველაზე ცოტა 2021 წელს (916 ათასი კაცი), რაც განპირობებული იყო პანდემიით. 2023 წელს 10 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი გაზრდილია 12%-ით, ხოლო თვითდასაქმებულთა მაჩვენებელი შემცირებულია 9%-ით. საქსტატის მიერ სამუშაო ძალის გამოკვლევით მიღებული სტატისტიკის მიხედვით 2023 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 320.5 ათასი კაცი, ხოლო ოფიციალური მონაცემებით IDFI-ს ანალიზის მიხედვით დასაქმებული იყო მინიმუმ 420 ათასი ადამიანი. 2014-2023 წლებში ემიგრაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქეების პოტენციური სამუშაო ძალა ქვეყანაში შემცირდა 197.2 ათასი კაცით, რაც დაბალანსდა მიგრანტი უცხო ქვეყნის 202 ათასი 15 წელს ზევით ასაკის მოქალაქით.