“გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული მოქალაქეები, ჩატარდეს ახალი არჩევნები” – 200-მდე ფსიქოლოგი

საქართველოს ფსიქოლოგები ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას საერთო განცხადებით ეხმაურებიან. პეტიციით, რომელსაც 200-მდე ფსიქოლოგი აწერს ხელს, ისინი მოითხოვენ:
· “პოლიტიკური ნიშნით დაკავებული უდანაშაულო მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მათზე დაუსაბუთებელი დევნის შეწყვეტას;
· საქართველოს მოქალაქეებზე წამების, ჩაგვრისა და ნებისმიერი ფორმის ძალადობის შეწყვეტას;
· ახალი, ჭეშმარიტად თავისუფალი, საყოველთაო, დემოკრატიული და სამართლიანი ს ჩატარებას;
· პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების შეწყვეტას”.
ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი არა მარტო საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესს, არამედ აზიანებს მოქალაქეების კეთილდღეობას და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
“რეჟიმის მხრიდან მოქალაქეების წინააღმდეგ არამართლზომიერი ძალის გამოყენება, წამება, დარბევა, დევნა, მუქარა, უკანონო დაკავებები, სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა უდიდეს ზიანს აყენებს არა მხოლოდ ძალადობის უშუალო მსხვერპლთ, არამედ თითოეული ჩვენგანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
კრიზისის შედეგები განსაკუთრებით აისახება მოზარდებზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების მქონე პირებზე, სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე. ასეთ ვითარებაში, მათი მხარდაჭერისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების როლს და ჩართულობას”.
მათ განცხადებაში, ასევე ვკითხულობთ, რომ თვალსაჩინოა ფსიქოლოგიური მანიპულირების მექანიზმები, მათ შორის, მიზანმიმართულად ინფორმაციის დამახინჯება, სტატისტიკურ მონაცემთა შეცვლა და სხვა.
“ეს მიზნად ისახავს საზოგადოების (გარკვეული) ნაწილის შეცდომაში შეყვანასა და მათ განწყობებზე, ემოციებსა და ქცევაზე მანკიერ ზემოქმედებას. ფსიქოლოგიური ტექნიკების მსგავსი არაეთიკური გამოყენება ქმნის შიშის, სიძულვილის, განხეთქილებასა და დისტრესულ გარემოს, ძირს უთხრის ადამიანის ღირსებას, ავტონომიას და დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობას საზოგადოებაში, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით”, – წერია განცხადებაში.
უკვე 41 დღეა, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაპროტესტების პროცესში, ხალხმა მასობრივად ქუჩაში გამოსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგიდან 4 წლით ამოიღო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი. 2028 წლის ბოლომდე გადადებული ეს საკითხი კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპია და აუცილებლად გასავლელია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.